ლელუჩი მორჩაძე – მეც აქ ვარ!

”ძალიან მინდა აქედან წასვლა. ჩაძირული ვარ. ვერ ვსუნთქავ. აქ არ ვარ ბედნიერი. ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ქარი ამოვარდა და მე გარეთ დავრჩი.” – მწერს მეგობარი, რომელიც საკუთარმა სამშობლომ მიატოვა და ამის გამო თვითონ ფიქრობს საყვარელი სახლის, ოჯახისა და მეგობრების მიტოვებაზე. მე კი ერთი მარტივი წინადადებაც არ მომდის თავში, რომლითაც, მინიმუმ, გამხნევებას ან მის გონებაში ამტყდარი კორიანტელის ოდნავ შემსუბუქებას შევძლებდი.

გული მიტყდება. ჩემი მეგობარი უბედურია. მისი კარანტინი იმაზე დიდი ხნის წინ დაიწყო, ვიდრე ვინმე ამის წარმოდგენას შეძლებს. წლებია, რაც გალიაში გამომწყვდეული ჩიტივით იზოლაციაში იმყოფება და ეს მდგომარეობა კონკრეტული ვადით არ არის განსაზღვრული. ვირუსი, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია გავრცელებული (და არა მხოლოდ), ვერც COVID-19-ის მსგავსად განიკურნება და მას ვერც რამე სახის ვაქცინა უშველის. ამიტომ ზის ჩემი საყვარელი ადამიანი თავის უფანჯრო ოთახში და ფიქრობს, სად გაიქცეს.

ჩემი მეგობარი მოუსვენარი, სევდიანი თვალებითა და კეთილი გულით, შემოდგომის სუსხიან დღეს დაიბადა. წლების შემდეგ დავიბადე მე. დავმეგობრდით. ჩემთვის ეს ერთი მიზეზიც კმარა ჩვენი დაბადების გასამართლებლად. არ მინდა, სადმე წავიდეს. ის ძლიერია. შემიძლია, ნებისმიერ დროს მხრებზე დავეყრდნო. მყარი კედელია და ჩამონგრევის საფრთხე არ ემუქრება. მაგრამ საჯაროდ გამოვლენილი ძლიერი მხარის გარდა, არსებობს მისი სისუსტეც, რომელიც შეუძლებელია უცხო თვალმა შეამჩნიოს. ჩემი მეგობარი უბედურია და შეიძლება, ერთ მშვენიერ დღეს ადგეს და თავი მოიკლას. ”მიზეზი არ ვიცით, ვერაფერს ვამჩნევდით.” – იტყვიან სხვები. შემზარავი სიმართლე მხოლოდ რამდენიმეს გვეცოდინება, მაგრამ კრინტსაც ვერ დავძრავთ. მისგან მიტოვებულს ქვეყნიდან გაქცევა მომინდება, შემდეგი მსხვერპლი მე რომ არ აღმოვჩნდე და ვიღაცებმა გულუბრყვილოდ მხრები არ აიჩეჩონ – აბა, ჩვენ რა ვიცით, სიცოცხლით სავსე გოგოს ამის გაკეთება რაში დასჭირდაო.

ჩემს მეგობარს ძალიან კარგად ესმის, რომ ყველაზე ძლიერი იარაღი სიტყვაა, რომელიც, სამწუხაროდ, იმ ადამიანების ყურამდე ვერ აღწევს, რომლებიც იარაღად სიტყვის ნაცვლად, მართლა იარაღს იყენებენ, ან რამე მძიმე საგანს, მაგალითად, ჩვენთვის კარგად ნაცნობ სკამს. აქედან გამომდინარე, ის ვერც ტრანსპარანტებით ხელში დადგება ქუჩაში და ხმის ჩახლეჩამდე ვერ იყვირებს, რომ ეს ქვეყანა მისიცაა, რომ თავისუფლება სწყურია და დამალვით დაიღალა. არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ვინმე გაკიცხავს მალვის, შიშის, უკან დახევისა და წინგადაუდგმელი ნაბიჯების გამო?!

ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზია, რატომაც ვაპირებ სოლიდარობის მარშზე გასვლას. ჩემი მეგობრის ხმა აუცილებლად უნდა ისმოდეს და თუ თვითონ ვერ შეძლებს ამას, მე ვიქნები ის ადამიანი, რომელიც მის ხმას გააჟღერებს. სოლიდარობის მარში არის შესაძლებლობა, გვერდში დავუდგეთ ერთმანეთს, ვისაუბროთ ყველაზე მნიშვნელოვან თემებსა და იმ პრობლემებზე, ქვიარ ადამიანები თითქმის ყოველდღე რომ ვაწყდებით. ამ შესაძლებლობის ხელიდან გაშვება სწორი არ იქნება.

ჩვენი ერთიანობა აუცილებელია. ეს იქნება წინგადადგმული ნაბიჯი არა მხოლოდ ქვიარ ადამიანებისთვის, არამედ ჩვენი მეგობრებისთვის, მეგობრების მეგობრებისთვის, ოჯახის წევრებისთვის, მხარდამჭერებისთვის და, ზოგადად, იმათთვის, ვისაც უკეთეს, თანასწორ, ტოლერანტულ ქვეყანაში ცხოვრება სურს.”

წინა

ბერლინი – პრაიდის დედაქალაქი ევროპაში

შემდეგი

ნინი მაისურაძე – მეც აქ ვარ!

ბოლო სიახლეები

კვლევის თანახმად ორსული ქვიარ ქალები უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები

FacebookTweetLinkedInEmail 5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი

დააკავეს კაცი, რომელმაც 200-მდე ქალს 5000-მდე ფოტო და ვიდეო მოტყუებით და ფარულად გადაუღო

FacebookTweetLinkedInEmail სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე 43

ამარი – ტრანსგენდერი მომღერალი ძლიერი ხმით და საინტერესო ისტორიით

FacebookTweetLinkedInEmail ამარი American Idol-ის მონაწილეა, რომელმაც უამრავი მსმენელი მოხიბლა მსოფლიოს მასშტაბით. 28 წლის მომღერალი წარმოშობით ამერიკელია,

წიგნის “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” პრეზენტაცია ჩაიშალა

FacebookTweetLinkedInEmail 6 მარტს დაგეგმილი წიგნის პრეზენტაცია “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში”  ჩაიშალა. კრებული ქართველი მხატვრების