მე მქვია ჩაველა ვარგასი

“მშვენიერია დაიბადო ქალად, სამყაროს საჩუქარია იყო ქალი. ჩემი სიმღერები ეძღვნება მსოფლიოს ქალებს: დედებს, ქალიშვილებს, დებს, ცოლებს, დაქალებს და საყვარლებს.“

დონა ჩაველა ვარგასი, მექსიკური გიტარით და წითელი პანჩოთი, ამაყად იდგა სცენაზე და როგორც დედამიწის გავარვარებული ლავა, მისი ხმაც ვულკანივით ამოფრქვევას ლამობდა, რათა სიღრმეში დაგუბებული, მხურვალე ვნება, ტკივილი, გზნება ერთიანად გადმოეღვარა მიწაზე. იდგა თავაწეული და ამბობდა:

“დიახ, მე ლესბოსელი ვარ, ახლა ყოველგვარი სირცხვილის გარეშე შემიძლია ეს ხმამაღლა ვთქვა. 83 წლის ასაკში არ მრცხვენია იმ გავლილი გზის, რაც უკან მოვიტოვე. იყო ლესბოსელი ეს სირცხვილი არ არის, მაგრამ იქ, მექსიკაში, ჩემი ახალგაზრდობის წლებში ამის აღიარება, ხმამაღლა გამოცხადება შეუძლებელი იყო. არც ახლა არ დავდივარ და ყველას არ ვეუბნები მე ლესბოსელი ვარ მეთქი, მაგრამ ამას უკვე სახალხოდ ვაცხადებ, შიშისა და სირცხვილის გარეშე.”

1919 წლის 17 აპრილს კოსტა-რიკაში მეამბოხე სულის ბავშვი დაიბადა. საოცარი გოგონა იყო, მაგრამ მას მშობლები უცნაურს ეძახდნენ. ჩაველა, მექსიკური ცხელი სისხლით, იორღა მუსტანგის დაუმორჩილებლობითა და შეუპოვარი სულით მოზარდობისას გრძელი შავი გოროზი ნაწნავით და გიტარით დააბიჯებდა ქუჩებში. მისი ხმა, უფრო კლდიდან გადმოხეთქილ ჩანჩქერს მოგაგონებდათ, ვიდრე ანკარა ნაკადულს. “ხშირად მეუბნებოდნენ, ჩემი მონაცემებით მომღერალი ვერ გავხდებოდი და ჯობდა ამ საქმისთვის თავი დამენებებინა, მაგრამ მჯეროდა, რომ ვიმღერებდი დიდ სცენაზე.”

ღამის ბარები და კაბარეები მისი ნავსაყუდელი გახდა. მღეროდა “რანჩეროს” (მექსიკური რომანტიული სიმღერის ჟანრი) სიმღერის დროს კი თითქოს ანაწევრებდნენ, თითქოს სისხლისგან იცლებოდა და სიკვდილ სიცოცხლეს ებრძოდა, მექსიკური მუსიკის სილამაზიდან იწოვდა განსკუთრებულს, იგუბებდა და მერე სუნთქვაშეკრული ამოხეთქავდა ძალა ძლიერი დაუმორჩილებელი სულისა. ეს იმედგაცრუების, სიყვარულისგან მიღებული ტკივილის გენიალური გამოხატულება იყო.

“როდის დავიწყე სიმღრა? სიმღერა ჯერ კიდევ სკოლაში დავიწყე, ვმღეროდი ყველგან, სახლში, ქუჩში, ეკლესიაში. ბავშვობაში თოჯინებიც კი არ მაინტერესებდა, არავინ არ იცოდა, ისე ვიღვიძებდი ღამით და ვუსმენდი სერენადებს, შევყურებდი მთვარეს და ვოცნებობდი, ვფიქრობდი რა იმალებოდა ჩვენი სამყაროს მიღმა. ბავშვობაში ხშირად ვიწყენდი, თავს მარტოდ, მიტოვებულად ვგრძნობდი. მშობლიურ სიყვარულს მოკლებული, ძალიან მარტოდ ვგრძნობდი თავს.“

მშობლები ჩაველას უცნაურ ბავშვად თვლიდნენ. ხვდებოდნენ, რომ გოგონა ბიჭს უფრო გავდა თავისი ქცევით, სიარულით, მოძრაობით: “მე ჩვეულებრივ კათოლიკურ ოჯახში ვიზრდებოდი, სადაც მკაცრი ტრადიციული შეხედულებები კანონად ქცეულიყო და დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა თუ რას იტყოდა ხალხი, მე კი თავნება და დაუჯერებელი ვიყავი.”

შვიდი წლის ასაკში ეკლესიაშიც არ შეუშვეს. მღვდელმა ეკლესიაში შესვლა აუკრძალა იმ მიზეზით, რომ თითქოს მას ეშმაკის სული ჰქონდა. მშობლებიც ცუდად ექცეოდნენ, როდესაც მათ სახლში სტუმრები იყვნენ, ჩაველას ოთხში კეტავდნენ, რომ არავის დაენახა.

“მშობლები მალე დაშორდნენ, დედა არც კი ვიცოდი სად იყო, მამას არ ვხვდებოდი. დეიდასთან და ბიძასთან ვიზრდებოდი. მშობლები არც მძულდნენ და არც მეზიზღებოდნენ, უბრალოდ ვენებში სისხლის ნაცვლად ბრაზი მიჩქეფდა და ეს სიბრაზე იმდენად ძლიერი იყო, რომ ერთხელ შიშველი ხელებით მთელ სახლში შპალიერი ავგლიჯე, მინდოდა გავქცეულიყავი. დღისით, ღამით, შუადღით ერთი რამ მიზიდავდა და ეს იყო მექსიკა, სადაც ხელოვნების ბორკილები დამედო. და მე გავიქეცი, ეს არ იყო იოლი. ბევრჯერაც გაუწნავს ცხოვრებას სილა, ეს იყო კაცების სამყარო და იქ ძნელი იყო დამკვიდრება. მაგრამ ვიცოდი რომ ვიმღერებდი და ვიმღერე.”

მექსიკაში, მუსიკისა და ტეკილას მიწაზე, მკაცრი ტრადიციებით სავსე ჩვეულებების ქვეყანაში, სადაც პატრიარქატი მეფობდა, ჩაველა ვარგასი მამაკაცის ტანისამოსში გამოეწყო და კაბარეს სცენაზე ავიდა. ეს ნგრევა იყო, ნგრევა მოჩვენებითი წესრიგის. მის გარშემო მითქმა-მოთქმა ატყდა, ,”კაცი ქვედაბოლოში”, “ლესბოსელი”, “ეშმაკეული სული” და მაინც მექსიკელმა ხალხმა მიიღო და შეიყვარა ის.

ყველაზე ცნობილ ბარებსა და ტავერნებში გამოდიოდა. იქამდე მისასვლელი გზა ეკლიანი იყო, მაგრამ წარმატებას მაინც მიაღწია. ხალხს უყვარდა, მათ სულებს შეეხო, მათი მესაიდუმლე გახდა. ადამიანებს ის სიყვარული მისცა, რაც აკლდათ, თავისი სულის ნაწილი, განცდები და მარტოობა აჩუქა. რა არის სული, შთაგონება? საიდან მოდის ის? ეს არავინ იცის. ჩაველას თქმით: „შთაგონებას ვერც იყიდი, ვერც ვერავინ გათხოვებს და ვერც შეისწავლი… ვერ მოიტყუები, ვერ ითამაშებ. მაყურებელს უყვარს განცდები, რასაც შენ განიცდი იქ, სცენაზე და ეს ემოცია მთლიანად ათბობს მსმენელს.”

ქრისტეს შემდეგ მხოლოდ ჩაველა ვარგასს შეეძლო ფართოდ გაეშალა მკლავები და საკუთრი გრძნობები სხვისთვის გაენაწილებინა. გულში ჩაეკრა მაყურებელი. მისი, მღელვარე სული, გაჯერებული ტკივილითა და სითბოთი ყველას იზიდავდა. სიყვარულს კი ქალები ინაწილებდნენ. მის სანახავად მიდიოდნენ პოლიტიკოსების, ბიზნესმენების, მეცნიერების ცოლები და ჩაველას მომხიბვლელობით და სილამაზით მოჯადოებული ქალები, მის ალერსში ეხვეოდნენ. „ხშირად ვიყავი შეყვარებული, აბა უსიყვარულოდ ცხოვრება შეუძლებელია”

ერთერთ წვეულებაზე ჩაველა ფრიდა კალოს გააცნეს: მუსიკა, სიცილი, გიტარა და სიმღერა. თავბრუდამხვევი ტეკილა და ფრიდა.

“როდესაც ფრიდა დავინახე, გავვოცდი, მოჩვენებას გავდა, სხვა სამყაროდან გადმოსულ სულს, მისი წარბები, გაფრენილ მერცხლებს მივამსგავსე. მაშინ ჯერ კიდევ პატარა ვიყავი და ფრიდა პატარას მეძახდა. მე ის მთელი არსებით შევიყვარე და მეგონა, ეს გრძნობა უსასრულო იქნებოდა. ფული არ გვქონდა, მაგრამ ბედნიერად, გულღიად ვიცინოდით. ფულისთვის არასდროს მიმღერია, კონფორმისტი არ ვყოფილვარ და ეს არც მაღელვებდა. ფრიდას სიყვარული 4 წელი გაგრძელდა, ერთ სახლში ვცხოვრობდით და ფრიდა ამბობდა: შენთვის და დიეგოსთვის ვცხოვრობ. მე გავჩუმდი, ვიცი რომ ძალიან ვატკინე გული. მაგრამ მაინც ვუთხარი – ხომ იცი რომ ერთხელაც ავდგები და წავალ… ვიცი, მიპასუხა ფრიდამ და მოაყოლა, მე არ შემიძლია ჩემს საწოლს ან ყავარჯენს გამოგაბა, ამიტომ წადი… და მეც წავედი.”

არ მთავრდებოდა ტავერნებისა და ბარების თეთრი ღამეები, ტეკილას ზღვა და ამ ზღვაში ჩაძირული ქალის სიმღერა, სულიდან ამოსული ტკივილი და სასმელში ჩამხჩვალი სევდა. ჩაველას ორმაგი ცხოვრება – კაბარეების დედოფლად აღიარება და მექსიკის თეატრებისა თუ ტელევიზიითვის მიუღებელი ქალის ხმა.

ჩაველა მღეროდა და სვამდა, მღეროდა და სვამდა. დაუსრულებელი ტეკილას მდინარეები მიედინებოდა იმ ბარში სადაც ის იყო და ისიც სცენის შიშით შეპყრობილი, სცენაზე გასვლამდე ორ სირჩას გადაჰკრავდა და ეს ორი სირჩა ზღვარგადასულ სიმთვრალემდე მიდიოდა. ხშირად სცენაზეც ეცემოდა და მაინც, მღეროდა და სვამდა. შემდეგ სიმღერა შეწყდა, მის მოსასმენად ბილეთებს აღარავინ ყიდულობდა და ბობოქარი სული სადღაც გაქრა, დაიკარგა.

მარტო ცხოვრობდა, ძაღლთან, ვინსენტესთან ერთად. ხშირად მშიერი იყო, მაგრამ მაინც სვამდა. ბოლოს ხმა გავრცელდა, ჩაველა მარტოობაში გარდაიცვალაო. 13 წლის განმავლობაში სასმელის წყვდიადი ჭამდა ვულკანივით ამოფრქვეულ ქალის სულს.

“ალკოჰოლზე დამოკიდებულება, ხშირად სულის დაავადებაა, ეს ტკივილიდან მოდის. უამრავი ადამიანია შენს გარშემო და შენ მაინც მარტო ხარ შენს ტკივილთნ. აი, ეს არის დამოკიდებულების მიზეზი. იცი, რომ ეს დამღუპველია, შენს გონებაზე მოქმედებს, შეიძლება შეიშალო კიდეც, მაგრამ მაინც სვამ და იკარგები, ვიდრე რაღაცას არ ჩაეჭიდები და არ იწამებ. მე მექსიკური ღმერთების მწამს: იუატეტეოსი, სიცოცხლისა და სიკვდილის ქალღმერთის და მიკტატეკურლის, სიკვდილის დამმარცხებელის. ისინი გვამზადებენ მიღმიერ სამყაროში სამოგზაუროდ. ვფიქრობ გარდაცვალება მშვენიერია და ერთხელ სიკვდილმა მითხრა, წავიდეთ ჩემთნ და მე ვუპასუხე, ახლა არა. სიცოცხლემ მიუგო: დატოვე კიდევ ცოტახნით ჩემთან, მე ჯერ არ დამისრულებია მასთნ საუბარი. მე მას გაგატან როდესაც ის შენთნ შესახვედრად იქნება მზად.”

მეხიკო, 1991 წელი. ქალაქში ახალი ბარი გაიხსნა, სადაც ძველ და ახალ მომღერლებს უნდა ემღერათ. დარბაზში ჩაველა იჯდა და ვიღაცამ თქვა: აქ ჩაველაა! ბევრს გაუკვირდა და წამოიძახეს: ის ხომ გარდაიცვალა?! არა! ის აქ არის ამ დარბაზში – გაიმეორა უცნობმა. ჩაველა სცენაზე მიიწვიეს. თავიდან იუარა მომღერალმა, ბევრმა ისიც თქვა, რომ მას სიმღერა აღარ შეეძლო და სულ მთვრალი იყო, მაგრამ მერე ჩაველა დათანხმდა. მეორე დღეს მთელი საათი რეპეტიციაზე მღეროდა, მღეროდა და ტიროდა. ის ძალიან სათუთი იყო, თითქოს შიგნიდან რაღაცამ იფეთქა მასში და ამ რაღაცას ცრემლებით ათავისუფლებდა. მისმა სიმღერამ ყველა შესძრა.

ჩაველა არასდროს არ გადიოდა ფხიზელი სცენაზე. იმ დღეს კი ღრმად ჩაისუნთქა, გავიდა და იმღერა. მაყურებელმა მიიღო, მიიღო და მასთნ ერთად ატირდა. ის მთელი ძალით, ყვებოდა მარტოობასა და მიტოვებაზე, მონუსხული მსმენელი კათარზისს განიცდიდა. ის თითქოს მოძღვარი იყო და ისეთ გარემის ქმნიდა, თითქოს მხოლოდ შენ გესაუბრებოდა, გეკითხებოდა ისეთ რამებს, რასაც სხვა არც კი გკითხავდა. აინტერესებდა, უშვებდი თუ არა საბედისწერო შეცდომებს, სერიოზულ სასიყვარულო ურთიერთობებში, ის თითქოს ცოდვებისგან გათავისუფლებდა და მერე ისევ გიბიძგებდა იგივე სიყვარულის მორევში გადავარდნილიყავი. ამ ყველაფრის შემდეგ მაყურებელები, როგორც განწმენდილები ისე ტოვებენ დარბაზს.

მექსიკა ჩაველას აღიარებისა და დაცემის ქვეყანა იყო. ოცნება თეატრის სცენაზე ემღერა, ოცნებადვე რჩებოდა, ვიდრე ერთი ახალგაზრდა ესპანელი არ აღმოჩდა დარბაზში, ეს იყო მანოლა აროია, გამოცდილი და გავლენინი პიროვნება. სწორედ მან მიიწვია ესპანეთში.

“არ ვიცოდი რას იზამდა ჩაველა ვარგასი სცენაზე, 20 წელი დიდი დროა. არადა ეს იყო ქალი, რომლის სიმღერასაც არაერთხელ ავუტირებივარ, მაგრამ ახლა ძალიან ვღელავდი” – პედრო ალმოდოვარი.

დრო რომელიც ჩაველა ვარგასმა ესპანეთში გაატარა ყველაზე ბედნიერი იყო. კონცერტები კარაკელეში სავსე დარბაზით და აღელვებული მაყურებლით ტარდებოდა. ამის შემდეგ ჩაველა კიდევ უფრო დიდი თეატრების დაპყრობას ცდილობდა. ოცნება საფრანგეთზე “ოლიმპიის” სცენაზე, სადაც ედიტ პიაფი მღეროდა, ჩაველას გულში რჩებოდა. მას არ იცნობდნენ საფრანგეთში.

პედრო ალმოდოვარი იხსენებდა – “თეატრის მენეჯერს, როდესაც დავურეკე მან მითხრა, ჩაველას აქ არ იცნობენო. მაშინ ავუხსენი თუ რამდენად მნიშვნელოვანი მომღერალი იყო ის და ამავედროს საკუთარ თავზე ვიღებდი მისი კონცერტის რეკლამირებას, მთელი კვირის გადასახადსაც გადავიხდიდით. მნიშვნელობა არ ჰქონდა გაიყიდებოდა თუ არა ბილეთები. რათქმაუნდა ჩაველამ ეს ყველაფერი არ იცოდა. დღეები გადიოდა და ჩვენ ვერცერთი ბილეთი ვერ გავყიდეთ. ყველა ჩემს მეგობარს დავურეკე რომ მოსულიყვნენ და ვაიძულე ისინი, მათ ნაცნობებს ბილეთები შეეძინათ. კონცერტის საღამოს თეატრი სავსე იყო. ჩვენ ორივე ძალიან ვნერვიულობდით, მე იმ წამს მოვრჩი სიგარეტის მოწევას, მაგრამ გაგიჟებამდე ვღელავდით. მე, მზად ვიყავი მთელი კოლოფი სიგარეტი მომეწია, ის, კი მზად იყო მთელი ბოთლი ტეკილა დაელია. სცენაზე გასვლის წინ ჩაველამ მკითხა, სად იდგა ედიტ პიაფი და მეც ის ადგილი ვუჩვენე. გავვოგნდი, მან ჯერ მისი ნაკვალევი დაკოცნა, შემდეგ მის ნადგომ ადგილზე დადგა და სიმღერა დაიწყო.”

ოთხი წლის წინ საფრანგეთში არავინ იცნობდა, მაგრამ ახლა მთელი პარიზი მის ფერხთით იყო და მათ შეიყვარეს ჩაველა ვარგასი.

ესპანეთში ის დიდ სიყვარულსა და დაცულობას გრძნობდა. თავისი სიმღერით იბრძოდა თავისუფლებისა და ღირებულებებისთვის, როგორც მუსიკაში ასევე პირად ცხოვრებაშიც. “არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვინ არის გეი ან არატრადიციული ორიენტაციის, მოდი ეს ყველაფერი გვერდზე გადავდოთ, ადამიანებს უყვართ და ნუ შეეკითხებით ვინ უყვართ და რატომ. მთელი ხიბლიც ხომ ამაშია. თქვენ უნდა იყოთ გამბედავები და არ უნდა შეგრცხვეთ არაფრის. იყავით გახსნილები, ისეთები როგორებიც ხართ, როგორებიც დაიბადეთ. უნივერსიტეტში არ არსწავლიან იყოთ ღირსეულები, სუფთები, მამაცი ჰომოსექსუალები. თქვენ ამას ვერ შეისწავლით. პირველი ქალი, რომელმაც ქალს მიუძღვნა სიმღერა ვიყავი მე. მე უნდა ვთქვა, როგორც არის და ვინ ვარ მე, მე ვერ ვუღალატებ საკუთრ თავს.”

40 წელი დასჭირდა ჩაველა ვარგასს რომ მექსიკაში, “დახვეწილი ხელოვნების სასახლეში” ემღერა და ცხოვრების ბოლოს მან ამას მიაღწია – ეს იყო მგზნებარე სიყვარულისა და დაბრუნების სიმღერა.

სადღაც გამქრალიყო ჩაველას გზნებით ანთებული თვალები, ვულკანივით ამოფრქვეული ხმა, დაუცხრომელი ბუნება, ტკივილსა და სიყვარულში მოგზაური სული, დიდხანს გასცქეროდა სარკმლიდან მთას, რომელსაც ჩელჩე ერქვა, გასცქეროდა და სიმშვიდეს ეძებდა. ახლა ქრისტეს მსგავსად გაშლილი ხელები, რომელიც მთელს მექსიკას გულში იხუტებდა, მტრედის მსუბუქ ფრთებად ქცეულიყო, რომელიც გასაფრენად ემზადებოდა. 2012 წელს ჩაველა ვარგასი მეხიკოში გარდაიცვალა.

ავტორი

ნანუკა თევზაძე

ჟურნალისტი

წინა

სთოუნვოლის აჯანყება

შემდეგი

სოდომისა და გომორას განადგურების მიზეზი წმინდა წერილის მიხედვით

ბოლო სიახლეები

კვლევის თანახმად ორსული ქვიარ ქალები უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები

FacebookTweetLinkedInEmail 5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი

დააკავეს კაცი, რომელმაც 200-მდე ქალს 5000-მდე ფოტო და ვიდეო მოტყუებით და ფარულად გადაუღო

FacebookTweetLinkedInEmail სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე 43

ამარი – ტრანსგენდერი მომღერალი ძლიერი ხმით და საინტერესო ისტორიით

FacebookTweetLinkedInEmail ამარი American Idol-ის მონაწილეა, რომელმაც უამრავი მსმენელი მოხიბლა მსოფლიოს მასშტაბით. 28 წლის მომღერალი წარმოშობით ამერიკელია,

წიგნის “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” პრეზენტაცია ჩაიშალა

FacebookTweetLinkedInEmail 6 მარტს დაგეგმილი წიგნის პრეზენტაცია “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში”  ჩაიშალა. კრებული ქართველი მხატვრების