ნიტა გოგრიჭიანი – მუსიკიდან ილუსტრატორობამდე

ნიტა გოგრიჭიანი ქართველი ილუსტრატორი და გრაფიკოსი დიზაინერია, რომელმაც სამხატვრო აკადემიის მულტიმედიის ფაკულტეტი დაამთავრა და გრაფიკული დიზაინის კურსი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში გაიარა.

ბავშვობაში ხატავდა, მაგრამ როგორც თავად გვიყვება, ილუსტრატორობა მისი დიდი ხნის ოცნება არ ყოფილა. 13 წლის განმავლობაში მუსიკალურ სფეროში მოღვაწეობდა და ყველა ელოდა, რომ ჩასაბარებლად კონსერვატორიას აირჩევდა, მაგრამ ბოლო წელს გადაწყვიტა, რაიმე ახალი ესწავლა.

„უარი ვთქვი მუსიკაზე და სამხატვრო აკადემია ვარჩიე. დიდი გამოწვევა იყო – 3 თვე მქონდა ხატვის გამოცდისთვის მოსამზადებლად, მე კი ხელში ფანქრის წესიერად დაჭერაც არ ვიცოდი. მასწავლებელი, მშობლები, მეგობრები – ყველანი ღელავდნენ, თუმცა, საბოლოოდ, გამოცდაზე საკმაოდ კარგად დავხატე. არჩევანის გაკეთება ახლიდან რომ მიწევდეს, იგივე გზას გავივლიდი.“

ბევრი ტექნიკა სცადა, მაგრამ აღმოაჩინა, რომ ყველაზე კომფორტულად თავს ციფრულ ხელოვნებაში გრძნობს. 2016 წელს დიდი ნაბიჯიც გადადგა და პირველი შეკვეთები აიღო, ადამიანების პორტრეტებს ხატავდა. საბოლოოდ, უკვე 2 წელზე მეტია, რაც თავისი პროფესიით მუშაობს, როგორც გრაფიკოს-დიზაინერი.

„მახსოვს პირველი სამსახური და პირველი სამუშაო დღე. საკმაოდ სტრესული იყო. ერთ-ერთი წამყვანი და ცნობილი კომპანიაა და უდიდეს პასუხისმგებლობასა და ნდობას ვგრძნობდი. შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი ცოდნისა და გამოცდილების უდიდესი ნაწილი ამ სამსახურმა და თანამშრომლებმა მომცეს, ვიდრე უშუალოდ სწავლის პერიოდმა. შემდეგ მეორე კომპანიაც შემომთავაზეს. ასე რომ, ძალიან ბედნიერი ვარ ჩემი არჩევანით.“

პირადი ნამუშევრების შესაქმენლად დრო თითქმის არ რჩება, მაგრამ, როგორც ნიტა გვეუბნება, რასაც აკეთებს, საკუთარი და თავისი მეგობრების წუხილზე, ბრაზზე, სიხარულსა და ემოციებზე დგას. ნამუშევრები ხშირად გამოუყენებია მწვავე საკითხების გასაპროტესტებლად.

„ისტორიულ უბანში ერთ სკვერს ემუქრებოდა დანგრევა და პროტესტის ნიშნად, გერმანელი და ქართველი მხატვრები სწრაფ ჩანახატებს აკეთებდნენ. იდეამ და კონცეფციამ მე და ჩემი მეგობარი ისე დაგვაინტერესა, რომ აქტიურად შევუერთდით. გავიცანით  არა მარტო საქართველოს რეგიონები, არამედ გერმანიის ქალაქიც და მისი პრობლემური ზონებიც ჩავხატეთ.“

                   

როგორც გვიყვება, ინსპირაციას გამიზნულად არასდროს აგროვებს. სხვა ადამიანების გამოცდილებებიდან გამომდინარე ისტორიები გონებაში თავისთავად ილექება. სწორედ აქედან გაჩნდა ილუსტრაციების სერიის – „ტალო“-ს  შექმნის იდეა, რომლის დათვალიერებაც ინსტაგრამზე შეგიძლიათ.

„ხშირად მეუბნებიან, რომ ამ პერსონაჟში საკუთარ თავს ხედავენ. ბევრი ჩემთანაც აიგივებს, მაგრამ ასე არაა. მისი შექმნის დროს არ მიფიქრია, რომ მე უნდა ვყოფილიყავი. პანდემიის დასაწყისში ანიმაციის კურსი ავიღე, იქ გვქონდა დავალება, შეგვექმნა პერსონაჟი, რომელსაც გავაცოცხლებდით. პერსონაჟის ერთ მზერას შეუძლია მიგახვედროს, რას გრძნობს და რა სტკივა. შეუძლია, დაგაფიქროს იმაზე, რაზეც აქამდე არ გიფიქრია, პოლემიკისა და დებატების გარეშე. თან, როცა ყველა სხვადასხვანაირად იგებს ჩემს შექმნილს, ეს უფრო საინტერესო პროცესია.“

                     

ხატვის დროს ქართველი მუსიკოსების მოსმენა უყვარს. ყველაზე ხშირად ინოლას უსმენს და აღნიშნავს, რომ შეუძლებელია მას უსმენდე და რამე შთაგონებას არ გაძლევდეს. სამუშაო პროცესში დიდ სიამოვნებას ანიჭებს, როცა ვერ ხვდება, დრო როგორ გადის, მთლიანად ჩართულია მასში და ხშირად დაღლასაც ვერ გრძნობს, რაც სხვაგან არასდროს განუცდია.

რაც შეეხება მომავლის გეგმებს, ნიტას სურს, საზღვარგარეთაც სცადოს ბედი. გაიგოს, როგორ მუშაობენ უცხოურ ბაზარზე და განსხვავებული გამოცდილებები დააგროვოს. ოცნებად აქვს, ანიმაციის შექმნის რეალურ სამუშაო პროცესში მიიღოს მონაწილეობა, რაც, როგორც აღნიშნავს, საკმაოდ ძნელი და შრომატევადია.

ქართველი ხელოვანი დამწყებ ილუსტრატორებს კარგ რჩევასაც უზიარებს:

„არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი წლის ხართ. არც იმას, სხვა სფეროში რამდენი წელი დაჰყავით. თუ თავს კომფორტულად არ გრძნობთ იმ სფეროში, რასაც ახლა აკეთებთ, ნუ შეგეშინდებათ და ნუ მოითმენთ. აუცილებლად სცადეთ ყველაფერი, რაც ძალიან გინდათ და გაინტერესებთ. გრაფიკულ დიზაინს ხშირად იმის გამო არ ირჩევენ, რომ ხატვა არ იციან. რეალურად, ამ საქმეს არც სჭირდება ხატვის დიდი გამოცდილება. კომპოზიციისა და ფერების გრძნობაც მუშაობის პროცესში გამოგიმუშავდებათ. უნივერსიტეტში სწავლის დროს შეგნებულად არ ვეძებდი სტაბილურ სამსახურს. მინდოდა, ცოდნა დამეგროვებინა. მეშინოდა, რომ რაღაც არ გამომივიდოდა. რეალურად, ამ შეყოვნებამ, პირიქით, ახალი გამოცდილებები დამაკარგვინა. ამიტომ, ნუ შეგეშინდებათ. მთავარია, სცადოთ!“

წინა

კატო მიქელაძის ჯილდო ბაია პატარაიას, ელისო რუხაძესა და თოზუ გულმამედლის გადაეცათ

შემდეგი

8 ქვიარ ფოტოგრაფი ინსტაგრამზე

ბოლო სიახლეები

კვლევის თანახმად ორსული ქვიარ ქალები უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები

FacebookTweetLinkedInEmail 5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი

დააკავეს კაცი, რომელმაც 200-მდე ქალს 5000-მდე ფოტო და ვიდეო მოტყუებით და ფარულად გადაუღო

FacebookTweetLinkedInEmail სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე 43

ამარი – ტრანსგენდერი მომღერალი ძლიერი ხმით და საინტერესო ისტორიით

FacebookTweetLinkedInEmail ამარი American Idol-ის მონაწილეა, რომელმაც უამრავი მსმენელი მოხიბლა მსოფლიოს მასშტაბით. 28 წლის მომღერალი წარმოშობით ამერიკელია,

წიგნის “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” პრეზენტაცია ჩაიშალა

FacebookTweetLinkedInEmail 6 მარტს დაგეგმილი წიგნის პრეზენტაცია “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში”  ჩაიშალა. კრებული ქართველი მხატვრების