10 ვარსკვლავი, რომელიც 2021 წელს დაქამინგაუთდა

2021 წელს არაერთი ცნობილი ადამიანი ალაპარაკდა საკუთარ სექსუალურ ორიენტაციასა და გენდერულ იდენტობაზე და ფანებისთვის საკუთარ აღმოჩენებზე დეტალების მოყოლა გადაწყვიტა. სტატიაში ჩამოთვლილი 10 ადამიანი იმ ვარსკვლავთა მხოლოდ მცირე ნაწილია, ვინც 2021 წელს დაქამინგაუთდა და გულშემატკივრებს გამბედაობის მაგალითი უჩვენა.

ემა კორინი

ფოტო: Getty Images

The Crown-ის ოქროს გლობუსის მფლობელმა მსახიობმა, ემა კორინმა, საკუთარ იდენტობაზე 2021 წელს ისაუბრა. მისი თქმით, გრძელი გზა გაიარა და წინ კიდევ მრავალი აღმოჩენა ელის, მაგრამ მიხვდა, რომ ბინარული იდენტობა არ აქვს.

„ხილვადობა უმთავრესია. ჩემი მოგზაურობა ხანგრძლივი იყო და წინ კიდევ გრძელი გზა მაქვს. ვფიქრობ, განსაზღვრებების ძებნას ვართ შეჩვეული, საზოგადოებას ბინარული განსაზღვრებები სჭირდება და ამის გამო დიდი დრო დამჭირდა იმის გასაცნობიერებლად, რომ ბინარული მოცემულობის მიღმა ვარ და ჯერაც არ ვიცი, ზუსტად – სად. სოციალურ ქსელებში აქტიურად მოსაუბრე ხალხი ამ გზის გავლაში დამეხმარა. როცა საკუთარ იდენტობაზე საჯაროდ წერა დავიწყე, შიში ვიგრძენი, თავს გაშიშვლებულად ვგრძნობდი და არ ვიცოდი, სწორად ვიქცეოდი თუ – არა, მაგრამ ქვიარ ადამიანებისგან მხარდაჭერა ვიგრძენი, სოლიდარობის განცდა გასაოცარია“, – აღნიშნა პრინცესა დიანას როლის შემსრულებელმა.

დემი ლოვატო

ფოტო: Getty Images

მომღერალმა და მსახიობმა დემი ლოვატომ 2021 წელს ფანებს მრავალი გამოწვევის შესახებ აცნობა. მან ღიად ისაუბრა ნარკოდამოკიდებულებაზე, ზედოზირების შემთხვევასა და სექსუალ ძალადობაზე, რისი გადატანაც 15 წლის ასაკში მოუწია. მოგვიანებით კი ფანებს ინსტაგრამზე კიდევ ერთი სიახლე გაუზიარა და აცნობა, რომ არაბინარული გენდერული იდენტობის მქონეა.

„ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ცხოვრების კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაწილს გიზიარებთ. სიამაყით ვამბობ, რომ არაბინარული ვარ და ჩემი ნაცვალსახელი ამიერიდან they/them იქნება. ეს აღმოჩენა განკურნების, საკუთარი თავის შეცნობის გზაზე გავაკეთე. ჯერ კიდევ ვსწავლობ და საკუთარი თავის უკეთ დანახვას ვცდილობ, არც ექსპერტად ვთვლი თავს, მაგრამ საუბარი თვითგანკურნებისთვის და იმ ადამიანებისთვის იმედის ჩასახვის მიზნით დავიწყე, რომლებიც საკუთარ იდენტობას საყვარელ ადამიანებთან ჯერ კიდევ ვერ ამხელენ“, – დაწერა ლოვატომ ინსტაგრამის გვერდზე.

ტომი დორფმანი

ფოტო: Time

13 Reasons Why-ს ვარსკვლავმა საკუთარ იდენტობაზე ღიად 2021 წელს ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტრანსგენდერი ქალია.

„განსაკუთრებული მადლობა თითოეულ ტრანს ინდივიდს, რომელმაც მსგავსი გზა გაიარა, ბარიერების გარღვევა სცადა, სასიცოცხლო რისკის ფასად არ დათმო საკუთარი იდენტობა. მადლობა ყველა ტრანსგენდერ ქალს, რომელმაც საკუთარი თავი დამანახა, შემაყვარა და თავი ამ სამყაროს ნაწილად მაგრძნობინა“, – აღნიშნა მსახიობმა ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ პოსტში.

კელანი

ფოტო: Arturo Shoots

ამერიკელი მუსიკოსის ლესბოსელად ქამინგაუთი ტიკტოკზე შედგა, სახალისო ვიდეოში მომღერალმა აღნიშნა, რომ საკუთარ სექსუალურ ორიენტაციაში საბოლოოდ გაერკვა.

„მკითხეს, კელანი, რა არის ახალი? მე კი ვუპასუხე, რომ საბოლოოდ მივხვდი, რომ ლესბოსელი ვარ. დიახ, გეი ვარ!“ -ამბობს მომღერალი და ოჯახთან ვერშემდგარ ემოციურ ქამინგაუთსაც იხსენებს – „ვიცით, სულელო. მინდოდა, გაოცებისგან წაქცეულიყვნენ და ეთქვათ, გილოცავ, ვერც კი წარმოვიდგენდით, მაგრამ – არა!“

თიჯეი ოსბორნი

ფოტო: Kristine Potter

ქანთრი მუსიკის შემსრულებელი, თიჯეი ოსბორნი 2021 წელს დაქამინგაუთდა და პირველი ქანთრის შემსრულებელი გეი მუსიკოსი გახდა, რომელსაც წამყვან ქანთრი მუსიკალურ სტუდიასთან აქვს კონტრაქტი, ასევე ერთ-ერთი პირველი მენისტრიმ ქანთრი შემსრულებელია, რომელმაც ქამინგაუთი გააკეთა, რაც დიდი ნაბიჯია. ქანთრის მიმდინარეობა ჯერ ისევ რჩება კონსერვატიულ, ჰეტერონორმატულ სივრცედ.

„საკუთარ იდენტობასთან პრობლემა არასდროს მქონია და ყოველთვის უცნაურად მეჩვენებოდა იმ თემაზე საუბარი, რაც ჩემთვის სრულად ორგანულია“, – აღნიშნა მომღერალმა Time-თან ინტერვიუში.

ლაგანჯა ესტრანჯა

ფოტო: Entertainment Weekly

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დრეგ ქვინი, რუპოლის დრეგ რეისის მე-6 სეზონის მონაწილე, ლაგანჯა ესტრანჯა, საკუთარ იდენტობაზე 2021 წელს ალაპარაკდა და აღნიშნა, რომ ტრანსგენდერი ქალია.

„აღმოჩენების დამალვა აღარ მიწევს, რაც გასაოცარ ძალას მაძლევს. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ტრანს მეგობარს, რომელმაც ეს გზა ჩემამდე გაიარა, იბრძოლა იმისთვის, რომ ახლა ჩემი გამოცდილება მხოლოდ ბედნიერებით იყოს სავსე. მოხარული ვარ, ვთქვა, რომ ტრანსი ვარ და საკუთარი სიმართლით ვცხოვრობ“, – აღნიშნა დრეგ ქვინმა, რომელიც ტრანზიციის პროცესს გადის.

კალ პენი

ფოტო: Paper Magazine

Harold & Kumar-ის მსახიობმა, კომიკოსმა კალ პენიმ ღიად თქვა, რომ გეია და დანიშნულია კაცზე, რომელთან ურთიერთობაც 11 წლის განმავლობაში ჰქონდა.

„საკუთარი სექსუალობა საკმაოდ გვიან აღმოვაჩინე, მსგავსი მიგნებებისთვის წინასწარდათქმული დრო ხომ არ არსებობს. ყველა გარკვეულ მომენტში აკეთებს აღმოჩენას და მოხარული ვარ, რომ ეს მოხდა“, – აღნიშნა მსახიობმა.

ჯიჯი გუდი

ფოტო: Gigi Goode / Instagram

რუპოლის დრეგ რეისის კიდევ ერთი მონაწილე, ჯიჯი გუდი შოუს ფანებს მე-12 სეზონიდან ახსოვთ. ერთ-ერთი ყველაზე მოდური ქვინი შოუს ფინალისტი გახდა. ჯიჯი გუდმა 2021 წელს ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნა, რომ არაბინარული იდენტობის მქონე ტრანსგენდერია და ტრანზიციის პროცესს გადის.

„თითქმის 8 თვის წინ, წლის დასაწყისში, ჰორმონალური თერაპია დავიწყე, რათა ჩემში არსებული ქალი წარმომეჩინა. არაბინარული იდენტობის მქონე ტრანსი ვარ და ჩემი ნაცვალსახელებია she/her“, – აღნიშნა ჯიჯიმ.

კასანდრა პიტერსონი

    ფოტო: Tweeterhead Publications

Elvira-ს საკულტო როლის შემსრულებელი კასანდრა პიტერსონი კიდევ ერთი ვარსკვლავია, რომელიც საკუთარ იდენტობაზე ღიად 2021 წელს ალაპარაკდა და აღნიშნა, რომ უკვე 19 წელია ქალთან აქვს ურთიერთობა.

„ცხოვრებაში პირველად ვარ ადამიანთან, რომელიც თავს დაცულად, იღბლიანად და შეყვარებულად მაგრძნობინებს“, – თქვა მსახიობმა, რომელიც იქამდე 25 წლის განმავლობაში ჰეტერო ქორწინებაში იმყოფებოდა.

ბილი პორტერი

ფოტო: Getty Images

Pose-ის ვარსკვლავი უკვე დიდი ხანია, რაც დაქამინგაუთებულია და საკუთარ იდენტობაზე ღიად საუბრობს, თუმცა 2021 წელს კიდევ ერთი დეტალი გაუზიარა ფანებს- მსახიობმა საჯაროდ თქვა, რომ უკვე 14 წელია აივ დადებითია.

„სირცხვილს ვგრძნობდი, რელიგიურ ოჯახში გავიზარდე და აივ-სტატუსი ღმერთის სასჯელად აღიქმებოდა, თანაც, ცხოვრების აწყობას, კარიერის შექმნას ვცდილობდი და ჩემი სტატუსი დისკრიმინაციის კიდევ ერთ შესაძლებლობად ჩავთვალე, ამიტომ ჩუმად ვიყავი, მაგრამ დროა, გავიზარდო. სირცხვილი დესტრუქციულია და თუ ამის დასაძლევად რამე არ ვქენით, ყველაფერს ანადგურებს“, – აღნიშნა მსახიობმა.

წინა

სელენა ბუხაიძე – არ გავქცეულვარ, სიცოცხლე გადავირჩინე

შემდეგი

Victoria’s Secret-მა შავკანიან ტრანსგენდერ მოდელთან პირველად ითანამშრომლა

ბოლო სიახლეები

კვლევის თანახმად ორსული ქვიარ ქალები უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები

FacebookTweetLinkedInEmail 5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი

დააკავეს კაცი, რომელმაც 200-მდე ქალს 5000-მდე ფოტო და ვიდეო მოტყუებით და ფარულად გადაუღო

FacebookTweetLinkedInEmail სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე 43

ამარი – ტრანსგენდერი მომღერალი ძლიერი ხმით და საინტერესო ისტორიით

FacebookTweetLinkedInEmail ამარი American Idol-ის მონაწილეა, რომელმაც უამრავი მსმენელი მოხიბლა მსოფლიოს მასშტაბით. 28 წლის მომღერალი წარმოშობით ამერიკელია,

წიგნის “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” პრეზენტაცია ჩაიშალა

FacebookTweetLinkedInEmail 6 მარტს დაგეგმილი წიგნის პრეზენტაცია “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში”  ჩაიშალა. კრებული ქართველი მხატვრების