მწვანე პასპორტის ამოქმედების შემდეგ გასართობი ღონისძიებები ღამის კლუბებშიც განახლდება

უკვე ორი წელია, ყველა ადამიანის ყოველდღიურობა შეიცვალა კორონავირუსის გამო. პანდემიურმა რეალობამ სოციალური ურთიერთობები შეიწირა, რაც მენტალურ ჯანმრთელობაზე მძიმედ აისახება. ექსტროვერტებისთვის ეს პერიოდი ჩაკეტილობის გამო იყო რთული, რადგან ყოველდღიურობა მცირე სანაცნობო წრით ან სრული მარტოობით შემოისაზღვრა. ინტროვერტი ადამიანები კი, რომლებიც საკუთარი კომფორტის ზონიდან გასვლას ცდილობდნენ და სოციალური ურთიერთობის უნარ-ჩვევებს ავითარებდნენ, არჩევნის გარეშე დარჩნენ.

2021 წლის ზაფხულში შეზღუდვები შემცირდა, ბარები და კაფეები გაიხსნა, მუსიკალური ფესტივალები, მართალია, მცირე რაოდენობით, მაგრამ განახლდა. გამონაკლისი მხოლოდ საკლუბო სივრცეები იყო, რომლებიც ქვიარ ადამიანებისთვის ყველაზე უსაფრთხო და თანასწორია. ამას ,,ხიდისა’’ და ,,ბასიანის’’ ქვიარ ღონისძიებების სერიები – კიკი და ჰორუმის ღამეებიც მოწმობს. მსგავსი ღონისძიებები ქვიარებისთვის საკუთარი იდენტობის ღიად დაფიქსირების, თემის წევრებთან კომუნიკაციისა და ყოველდღიურ გამოწვევებზე ცეკვით პასუხის გაცემის საშუალებად იქცა.

ერთი თვის წინ ხიდზე სატესტო ღონისძიება გაიმართა, რომელზე დასწრებაც მხოლოდ მწვანე კოვიდ სტატუსის მქონე პირებს შეეძლოთ. ინიციატივა მიზნად ისახავდა საკლუბო სივრცეების გახსნასთან დაკავშირებული რისკების შეფასებასა და კლუბში სტუმრობის მსურველთა უსაფრთხოებაზე ზრუნვას.

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის მიერ 2020 წლის 23 მაისს მიღებულ N322 დადგენილებაში მიმდინარე წლის 30 ნოემბერს ცვლილებები შევიდა. უკანასკნელი ცვლილებებით, სათეატრო და კინემატოგრაფიული ღონისძიებების ჩატარება დასაშვები გახდა „მწვანე“ სტატუსის მქონე პირების დასწრების პირობით, სასტუმროს ტერიტორიაზე კონცერტის ჩატარებაზე დაწესებული შეზღუდვაც მოიხსნა, თუმცა ნებისმიერი სხვა გასართობი, სახელოვნებო, საფესტივალო და კულტურული ღონისძიებების ჩატარება აკრძალულია. შეზღუდვების შემსუბუქება არ შეეხო საკლუბო სივრცეებს, რომლებიც უსაფრთხო ღონისძიებების ჩატარების ინიციატორები იყვნენ და საკლუბო კულტურის აღდგენის მიზნით, საკვლევ ღონისძიებებში იყვნენ ჩართული.

თამუნა აქსანდერი, ხიდის დამფუძნებელი

ფოტო: ანა ბოკო / Forbes Woman

აკრძალვის მიუხედავად, 3 დეკემბერს ხიდზე ღონისძიება გაიმართა, რის გამოც შრომის ინსპექციამ კლუბი 10 ათასი ლარით დააჯარიმა და ობიექტის დალუქვის გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული ინფორმაცია ,,ხიდის’’ დამფუძნებელმა, თამუნა აქსანდერმა ფეისბუკზე გაავრცელა და თქვა, რომ ფაქტთან შეგუებას არ აპირებენ.

„დღეს ახალი პრეცედენტი მოხდა – პირველ დაჯარიმებასთან ერთად, პირდაპირ დაგვლუქეს. თითქმის 2 წელია გაჩერებულები ვართ, მოწესრიგებულად ველოდებით მუშაობის უფლების მიღებას, ვერთვებით საპილოტე კვლევით ღონისძიებებში იმისთვის, რომ მაქსიმალურად შევამციროთ ვირუსის გავრცელება ჩვენს სივრცეებში. შემოიღეს მწვანე პასპორტის სისტემა, ჩვენ კვლავ არ აღმოვჩნდით გასახსნელ სიაში. 3 დეკემბერს გავხსენით კარი და ვუმასპინძლეთ მხოლოდ მწვანე პასპორტის მქონე პირებს უფრო მეტად შეზღუდული კრიტერიუმებით, ვიდრე თავად დაადგინეს საქვეყნოდ. დღევანდელი დალუქვის ერთადერთი მიზანი ჩვენი დასჯა, შეშინება და სამომავლო სიგნალია. საკლუბო ფილოსოფია და კულტურა თავისუფლებაზეა დაფუძნებული, მსგავსი პრეცედენტები აქ არ გაგივათ. მოგიწოდებთ, დროულად მოგვიხსნათ ლუქი და მოგვცეთ მუშაობის საშუალება სხვა კლუბებთან ერთად. იმაზე მეტი ვითმინეთ, ვიდრე ვალდებულება გვქონდა“, – დაწერა ხიდის დამფუძნებელმა ფეისბუკზე.

შრომის ინსპექციამ საკლუბო სივრცეში გამართულ ღონისძიებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და კლუბებს მოუწოდა, არ განახორციელონ დადგენილებით აკრძალული საქმიანობები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებისა და დალუქვის პირობა გააჟღერეს.

„მას შემდგომ, რაც პირველი დეკემბრიდან საქართველოში ამოქმედდა მწვანე პასპორტის კონცეფცია, შრომის ინსპექციამ აქტიურად დაიწყო შეხვედრები სხვადასხვა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან. მათ შორის, ღამის კლუბების ასოციაციასთან (საქართველოს კულტურისა და შემოქმედების ინდუსტრიების ერთობა / act4culture), რომლის დროსაც განხილულ იქნა საქმიანობის უსაფრთხო და მდგრადი აღდგენის საკითხები. შეხვედრაზე მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ უახლოეს პერიოდში სექტორი განაახლებს ფუნქციონირებას, რისთვისაც მწვანე პასპორტებთან ერთად, შრომის ინსპექცია სხვა კომპეტენტური უწყებების ჩართულობით შეიმუშავებს უსაფრთხოდ ფუნქციონირების პროტოკოლს, რომელიც უზრუნველყოფს მსგავსი ტიპის ღონისძიებებზე მომხმარებელთა მაქსიმალურ დაცვას. აღნიშნული ინფორმაცია ჩვენი მხრიდან აქტიურად მიეწოდა სექტორში რეგისტრირებულ სხვადასხვა ბიზნეს სუბიექტს. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი მათგანი, რეგულაციების გვერდის ავლით, კვლავ განაგრძობს არანებადართული ღონისძიებების ორგანიზებას, რომლის შედეგადაც მნიშვნელოვნად უარესდება ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება. სწორედ ამიტომ, შრომის ინსპექცია რეაგირებას მოახდენს ყველა არანებადრთულიეკონომიკური საქმიანობის გამოვლენის ფაქტზე. სექტორული რეკომენდაციის/პროტოკოლის დამტკიცების შემდგომ, უახლოეს პერიოდში დაგეგმილია სექტორის ფუნქციონირების განახლება. შრომის ინსპექციის სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს ღამის კლუბებს, არ განახორციელონ დადგენილებით აკრძალული საქმიანობები, წინააღმდეგ შემთხვევაში ობიექტების მიმართ გამოყენებული იქნება შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელი ჯარიმისა თუ დალუქვის სახით“, – აღნიშნული იყო შრომის ინსპექციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შრომის ინსპექციამ 6 დეკემბერს კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ღამის კლუბების უსაფრთხო აღდგენის მიზნით, პროტოკოლის შემუშავება გრძელდებოდა და კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა, რომელზეც საკლუბო კულტურის უსაფრთხო ფუნქციონირების პროტოკოლზე იმსჯელეს.

ნაჯა ორაშვილი, ბასიანის დამფუძნებელი

ფოტო: ანა ბოკო / Forbes Woman

კლუბ ,,ბასიანის’’ დამფუძნებელმა, ნაჯა ორაშვილმა კი 7 დეკემბერს ფეისბუკზე სასიხარულო სიახლე გაავრცელა – მისი თქმით, 17 დეკემბერს საქართველოს მასშტაბით კლუბების კარი გაიხსნება და იმედი გამოთქვა, რომ აღარასოდეს დაიხურება.

„ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო კულტურის აღდგენის ფონდის და Act4culture / The Cultural and Creative Industries Union of Georgia -ის მიერ ინიციირებული უსაფრთხო ღონისძიებების იდეა მხარდაჭერილია. სამოქმედო გეგმას საფუძვლად უდევს ღია და დახურულ სივრცეებში ჩვენ მიერ ჩატარებული ორი საპილოტე ღონისძიების კვლევის შედეგი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სახელმძღვანელო დოკუმენტში ტექნიკური საკითხების დაზუსტება, იმისთვის რომ ელექტრონული მუსიკის სივრცეებმა მოიპოვონ უსაფრთხო ღონისძიებისთვის საჭირო მწვანე სტატუსი. 17 დეკემბერს, თითქმის ორწლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს მასშტაბით კლუბების კარი გაიხსნება და იმედი მაქვს, აღარასოდეს დაიხურება.

მადლობა ყველას, ვინც ერთგულად და მტკიცედ დაიცვა საკლუბო კულტურის მთავარი მონაპოვარი – უსაფრთხო სივრცის იდეა, სადაც ზრუნვა და ცოდნის გაზიარება ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს. მალე შევხვდებით საცეკვაო მოედნებზე“, – ვკითხულობთ ბასიანის დამფუძნებლის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში.

შრომის ინსპექციას სამუშაო შეხვედრების შედეგად მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.

ავტორი: გიორგი ბასხაჯაური

წინა

სექსსამუშაოში ჩართულ ქალს სჭირდება დაცვა და არა დასჯა

შემდეგი

„პატარა საყვარელი მატყუარების“ ჯულიან მორისმა ქამინგაუთი გააკეთა

ბოლო სიახლეები

კვლევის თანახმად ორსული ქვიარ ქალები უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები

FacebookTweetLinkedInEmail 5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი

დააკავეს კაცი, რომელმაც 200-მდე ქალს 5000-მდე ფოტო და ვიდეო მოტყუებით და ფარულად გადაუღო

FacebookTweetLinkedInEmail სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე 43

ამარი – ტრანსგენდერი მომღერალი ძლიერი ხმით და საინტერესო ისტორიით

FacebookTweetLinkedInEmail ამარი American Idol-ის მონაწილეა, რომელმაც უამრავი მსმენელი მოხიბლა მსოფლიოს მასშტაბით. 28 წლის მომღერალი წარმოშობით ამერიკელია,

წიგნის “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” პრეზენტაცია ჩაიშალა

FacebookTweetLinkedInEmail 6 მარტს დაგეგმილი წიგნის პრეზენტაცია “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში”  ჩაიშალა. კრებული ქართველი მხატვრების