ნატა – ერთმანეთის სიძულვილით ვერაფერს გავხდებით

ნატა ტალიკიშვილი პირველი ტრანს აქტივისტია, რომელმაც 2018 წელს კატო მიქელაძის სახელობის პრემია მიიღო. ნატა ,,ქალთა ინიციატივების მხარდაჭერი ჯგუფის” თემის მობილიზების ოფიცერია, ჩართულია ტრანსგენდერი ქალების, განსაკუთრებით კი, სექსმუშაკი ტრანსგენდერი ქალების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში, ახდენს ჯგუფის საჭიროებების პირველად შეფასებას და საჭიროებისამებრ ამისამართებს ორგანიზაციის სხვადასხვა სერვისთან. ,,ქვიართან” ინტერვიუში ის გვიყვება, რა შეიცვალა 2021 წელს ტრანს თემის უფლებრივი მდგომარეობის კუთხით, რა გავლენა იქონია კოვიდპანდემიამ მათ ცხოვრებაზე, რა გამოწვევების წინაშე დგანან და როგორ უმკლავდებიან ამ სირთულეებს.

ასევე, იხსენებს მეგობრებს, რომლებიც ტრანსფობიის გამო დღეს ცოცხლები აღარ არიან.

2021 წელს რა შეიცვალა ტრანს თემის უფლებრივი მდგომარეობის მხრივ? ხვდებით თუ არა სხვადასხვა სერვისების მიღების დროს დისკრიმინაციული მოპყრობის შემთხვევებს?

ტრანს თემში ოჯახში ძალადობის ფაქტები უფრო გახშირდა და მოიმატა მიგრაციამ. ასევე, უფრო მეტი ადამიანი ჩაერთო სექსსამუშაოში ვიდრე სხვა წლებში და ესეც ოჯახში ძალდობის ფაქტების გახშირებით იყო გამოწვეული. ტრანსგენდერი ადამიანები, ძირითადად, სანაცნობო წრეში სარგებლობენ კონკრეტული მომსახურებებით, იქნება ეს სალონი, გადაადგილება ტრანსპორტით თუ სხვა რამ, ამის გამო, ზოგადად, მომატებული საფრთხეები ნაკლებად იგრძნობა. სამედიცინო დაწესებულებების მხრივ, მხოლოდ ინფექციური საავადმყოფოს მომსახურებას იღებს ტრანს თემი და იქ ნაკლები პრობლემებია, მომსახურე პერსონალი დატრენინგებულია და მიჩვეულია ტრანს ადამიანებთან ურთიერთობას. დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტები უმეტესად დაკავშირებულია ტაქსის მძღოლებთან, აქ საუბარია როგორც სიტყვიერი, ისე ფიზიკური ძალადობის შესახებ. საკმაოდ ბევრი ფაქტს მიეცა ოფიციალური მსვლელობა და რასაც – არა, მხოლოდ იმის გამო, რომ გოგოებს არ უნდოდათ ქამინგაუთის გაკეთება.

მიუწვდებათ თუ არა ხელი ტრანს თემის წარმომადგენლებს კოვიდ-19-ის ვაქცინაზე, რა ნაწილია ვაქცინირებული და რამდენად შეიცვალა ეკონომიკური და სოციალური პრობლემები მათთვის პანდემიიის პირობებში?

ტრანს თემის წარმომადგენლები ძირითადად სახლში არიან და სხვა გარე სოციალურ აქტივობებში ვერ ერთვებიან, მაგრამ პანდემიისას ზოგადი ფონი მნიშვნელოვნად იყო შეცვლილი, არ იყო სამუშაო სექსმუშაკებისთვის. პანდემიის პირველ ეტაპზე ე.წ. „ესკორტ საიტების“ მუშაობაც შეიზღუდა და ამ საიტებზე მომსახურების საფასური გაიზარდა, ღამეც ვერ მუშაობდნენ კომენდანტის საათის გამო.

კოვიდი ჩვენი თემის წარმომადგენლების უმრავლესობას არ გადაუტანია. პირადად მე ორი დოზით ვარ აცრილი. პანდემიის პირობებში ტრანს თემი მასობრივად ვერ მოხვდა სახელმწიფოს მიერ განხორცილებული დახმარების პროგრამაში იმიტომ, რომ რამდენიმეს გარდა, ოფიციალურად არ არიან დასაქმებული. ამ პერიოდში, როცა ვერ ვმუშაობდით და შემოსავლის წყარო დავკარგეთ, დახმარებებს ძირითადად სათემო ორგანიზაციებიდან ვიღებდით.

არის თუ არა სექსსამუშო ტრანსგენდერი ქალების გადარჩენის ძირითადი შესაძლებლობა და რა გამოწვევები არსებობს ამ კუთხით?

რადგან საქართველოში სექსსამუშაო არ არის ლეგალური, ამიტომ ტრანს თემი დამოკიდებული ვართ პოლიციის კეთილ ნებაზე. სახელწიფოს როცა მოუნდება, გაატარებს დამსჯელ ღონისძიებას და როცა არ მოუნდება – ამაზე თვალს ხუჭავს. არალეგალურად არის რეგისტრირებული ძალინ ბევრი „ესკორტ საიტი“ ქართულ ინტერნეტსივრცეში. ამ საიტებზე შესაძლებელია ინფორმაციის განთავსება იმ მიზნით, რომ ბინაზე მიიღო ე.წ. ,,კლიენტები”, პანდემიის დროს საიტზე განცხადების განთავსების საფასური ძალიან გაიზარდა და ყველა სექსსამუშოში ჩართულ ადამიანს არ ჰქონდა ამ თანხის გადახდის შესაძლებლობა. დამეთანხმებით, რომ მსგავს გარემოში მუშაობა დიდი რისკებთანაა დაკავშირებული და შემოსავალიც არასტაბილურია. იმის გამო, რომ საიტებიდან არ არის შემოსავალი, გვიწევს ქუჩაში გასვლა, სადაც არ ვართ დაცული და მაღალია თავდასხმების რისკი, ბოლო პერიოდში პნევმატური იარაღიდან სროლის ფაქტებიც იყო.

ვთვლი, რომ სექსსამუშო უნდა იყოს ლეგალური და უნდა კონტროლდებოდეს, როგორც ჯანდაცვის საკითხები, ასევე, პირადი უსაფრთხოების საკითხები, უნდა გვქონდეს დაზღვევა და ა.შ. შეუძლებელია, სახლში გამოიძახო პატრული კონკრეტული დანაშაულის გამო იმიტომ, რომ სექსსამუშაო არალეგალურია და შეიძლება დაგვაჯარიმონ ან დაგვაკავონ როგორც ჩვენ, ასევე ბინის მეპატრონეებიც. ჩემი პირადი აზრია, რომ სექსსამუშაოს დაკანონება არსებითად მნიშვნელოვანია – მე რომ ოფიციალურად ვიყო დასაქმებული, სახელმწიფოსგანაც მივიღებდით დახმარებებს, საპენსიო დანაზოგიც იარსებებდა ჩვენთვის, გაკონტროლდებოდა ჯანმრთელობის საკითხებიც. ეს უკანასკნელი ძალიან მნიშვნელოვანია უსაფრთხოების საკითხებთან ერთად, რადგან ვენერიული და ინფექციური დაავადებები ძალაინ სწრაფად ვრცელდება სექსსამუშაოში ჩართულ ადამიანებში, არ აქვს მნიშვნელობა ტრასგენდერი იქნება თუ სისგენდერი ადამიანი. სექსამუშაოს ლეგალურობა გამიჩენდა დაცულობის შეგრძნებას, თამამად შემეძლება, ძალადობაზე პატრული გამოვიძახო და მივმართო მათ. ახლა კი მხოლოდ პოლიციის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული ძალადობის ფაქტებზე შესაბამისი რეაგირება. ტრანსფობიური თავდასხმები ხშირია, თუმცა რადგან რეაგირებას ვერ ვითხოვთ პოლიციისგან, თავად გვიწევს გავუმკლავდეთ მსგავს უსიამოვნებებს, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, ფიზიკური ზიანითაც მთავრდება.

როგორ იცავთ პირად უსაფრთხოებას და როგორი ტედენციით ხასიათდება ტრანს თემის მიგრაცია? რამდენად მოგვარებულია საცხოვრისის თემა და როგორ უმკლავდებით თავდაცვის საკითხებს?

პირადი უსაფრთხოების გამო, როცა ქუჩაში გავდივარ, ელექტროშოკი და წიწაკის სპრეი სულ ახლოს მაქვს, თავდაცვის ეს მინიმალური მეთოდები გამომიმუშავდა პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე. გოგოებს, ვინც ქუჩაში ვმუშაობთ, ერთმანეთის მხარდაჭერისა და გამხნევების რესურსი გვაქვს, მაგრამ ბინაში მუშაობის დროს ეს ძალინ რთულია. რამდენიმე ტრანსგენდერის ერთ საცხოვრებელში ცხოვრებაც კი პრობლემურია, რადგან კლიენტები ითხოვენ, რომ იყო მარტო, ამის გამო რამდენიმე ტრანსგენდერი ადამიანი ერთად დიდი ხანი ვერ ვცხოვრობთ. მიგრაცია ხშირია, ჩვენი ტრადიციებიდან გამომდინარე, ქართველების ტრანსგენდერობა უფრო მიუღებელია, ვიდრე არაქართველების. თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ აგრესია ამ მხრივაც არ არის პროგნოზირებადი, რამდენიმე დღის წინ ტაილანდელი ტრანსგენდერი ქალი მოკლეს ქალაქის ცენტრში. ბინების გამოცვლაც ხშირად გვიწევს, რადგან სამეზობლოში ადამიანები არ არიან კეთილგანწყობილები ჩვენ მიმართ. მე ამ მხრივ გამიმართლა და ხშირად არ მაქვს საჭიროება, რომ ბევრჯერ შევიცვალო საცხოვრებელი.

რა ინფორმაცია გაქვს საქართველოში მოკლული ტრანსგენდერი ადამიანების მკვლელობის საქმეების შესახებ და, ზოგადად, რა უნდა გაკეთდეს იმისითვის, რომ ქვეყანაში ტრანსფობია შემცირდეს?

იმის ფონზე, რაც საქართველოში ხდება ან მომხდარა, ვთვლი, რომ სადამსჯელო ღონისძიებები უფრო მკაცრი უნდა იყოს, გენდერული ნიშნით სიტყვიერ შეურაცხყოფაზეც კი. სახელმწიფო არ უნდა უწყობდეს ხელს დანაშაულის წახალისებას და დამნაშავეები სათანადოდ უნდა იყვნენ დასჯილები, რომ ასე მარტივად აღარ გაბედონ ტრანსგენდერ ადამიანებზე თავდასხმა.

საბი ბერიანის საქმემ დაგვანახა, რომ ტრანსფობია სახელმწიფო სტრუქტურებში ფესვგადგმული იყო, რადგან დამნაშავე პირველად მხოლოდ ქონების განადგურების მუხლით დააკავეს, ხოლო მოგვიანებით, სტრასბურგის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საბის მკვლელისთვის 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯათ. საბი ბერიანი იყო ადამიანი, რომელიც ერთი ნახვით თავს შეგაყვარებდა… სამწუხაროდ, ის ცოცხალი აღარაა და მისი სიცოცხლე ტრანსფობიამ შეიწირა. ბიანკა შიკგუროვას შემთხვევა სულ სხვა იყო და ზუსტად ვიცით, რომ ტრანსფობიურ ნიადაგზე მოკლეს, თუმცა განაჩენი სულ სხვა მუხლით დადგა და გარდაცვალების მიზეზად გაზით გაგუდვა გამოაცხადეს. ბიანკა ძლიერი და დამოუკიდებელი ქალი იყო, ალბათ, პირველი ტრანსგენდერი ქალი, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტით გაბედულად მგზავრობდა თბილისში. მისი მთვარი მესიჯი იყო – „მე ვარ ტრანსგენდერი და მიმიღეთ ისეთი, როგორიც ვარ“. ეს ძალიან დიდი საფრთხის შემცველი იყო, მაგრამ ის ბაინკა იყო და სხვანაირად არ შეეძლო. ბიანკამ ძალიან ბევრი გააკეთა ტრანს აქტივიზმში, რასაც ის აკეთებდა მაშინაც და დღესაც თითქმის გმირობის ტოლფასია. რაც შეეხება ზიზი შეყილაძის საქმეს, მოსამართლემ პირდაპირ 10 წელი მიუსაჯა დამნაშავეს. ზიზი ჩემი მეგობარი იყო, როცა დაჭრეს, იმის მერე 7 დღე იცოცხლა. მივდიოდი, ვუვლიდი და ნელ-ნელა ვეჩვეოდი იმ ფაქტს, რომ ვერ გადარჩებოდა, ამან უფრო გამიადვილა მისი წასვლით გამოწვეული ტკივილები. ზიზის დედა და მამა ძალინ უყვარდა და თვითონაც თბილი და მოსიყვარულე იყო.

სხვა ტრანსგენდერ დებსაც გავიხსენებ, რომლებც ამ წელს დაიღუპნენ სხვადასხვა მიზეზის გამო. ლიკა კონცელიძე დაიღუპა აივით ბათუმში, შეწყვიტა წამლის მიღება პრობლემების გამო და ჩვენ გვიან გავიგეთ ამის შესახებ. როცა სანახავად მივედით, უკვე სიკვდილის პირას იყო. ლიკასთან დიდი ხნის ნაცნობობა არ მაკავშირებს, მაგრამ ძალიან რთულია, უყურო, როგორ მიდის და გტოვებს ამდენი თანამებრძოლი იმის გამო, რომ ელემენტარული უფლებები არ არის დაცული საქართველოში. გავიხსენებ ოლიკოსაც – პანდემიის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, კომენდანტის საათის დროს, სახლში წასვლას რომ ვერ ასწრებდა, გზაზე გადარბოდა და მანქანამ დაარტყა. მართალია, აქ არ ყოფილა ტრანსფობიური მოტივი, თუმცა მასაც გაჭირვებისა და სოციალური პრობლემების გამო მოუწია გარეთ ყოფნა, სექსსამუშაოში ჩართვა და ასე ტრაგიკულად დასრულდა მისი სიცოცხლეც.

რას ეტყვი საქართველოში მცხოვრებ ახალგაზრდა ტრანს ადამიანებს, რომლებსაც ჯერ არ აქვთ ქამინგაუთი გაკეთებული?

პირადი გამოცდილებით ვიტყვი, რომ ტრანს ხილვადობა საქართველოში გაზრდილია და ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მივიწევთ. თუ ქამინგაუთის შემთხვევაში მათ ოჯახები არ მიიღებენ, განათლება აუცილებლად უნდა ჰქონდეთ, რომ შეძლონ თავის დამკვიდრება საზოგადოებაში და მხოლოდ სექსსამუშაო არ იყოს მათი გადარჩენის ერთადერთი წყარო. მათ ვეტყოდი, რომ აუცილებლად ისწავლონ და მაქსიმალურად გამოიყენონ ოჯახის რესურსი ამ საქმეში. უკვე ბევრი ორგანიზაციც არსებობს, რომლებიც აუცილებლად შეუწყობენ ხელს მათ განვითარებას, როცა შესაბამისი განათლება ექნებათ.

რას ეტყვი დანარჩენ საზოგადოებას?

საზოგადოებას ვეტყვი, რომ ბევრი ინფორმაცია მიიღონ ამ საკითხებზე – ჩვენ ვინც კარგად გვიცნობს, საშიშ ადამიანებად არ გვთვლიან. სანამ ჩვენი მიმართულებით თითს გამოიშვერენ, ვურჩევ, რომ თავიანთი ოჯახის, მამის, შვილის, ძმის ცხოვრებაში ჩაიხედონ – ჩვენი „კლიენტები“ ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან, მათი შვილები, ძმები, ნათესავები და ა.შ.

და რაც მთავარია, გიყვარდეთ ერთმანეთი, ერთმანეთის სიძულივილით ვერაფერს გავხდებით.

ინტერვიუს ავტორი: ნინა უგულავა

წინა

ლაგოსის ქუჩები სტივენ ტაიოს ფოტოებში

შემდეგი

ტრანსგენდერი ადამიანების დროშის მნიშვნელობა და მისი შექმნის ისტორია

ბოლო სიახლეები

კვლევის თანახმად ორსული ქვიარ ქალები უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები

FacebookTweetLinkedInEmail 5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი

დააკავეს კაცი, რომელმაც 200-მდე ქალს 5000-მდე ფოტო და ვიდეო მოტყუებით და ფარულად გადაუღო

FacebookTweetLinkedInEmail სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე 43

ამარი – ტრანსგენდერი მომღერალი ძლიერი ხმით და საინტერესო ისტორიით

FacebookTweetLinkedInEmail ამარი American Idol-ის მონაწილეა, რომელმაც უამრავი მსმენელი მოხიბლა მსოფლიოს მასშტაბით. 28 წლის მომღერალი წარმოშობით ამერიკელია,

წიგნის “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” პრეზენტაცია ჩაიშალა

FacebookTweetLinkedInEmail 6 მარტს დაგეგმილი წიგნის პრეზენტაცია “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში”  ჩაიშალა. კრებული ქართველი მხატვრების