დევიდ გაში – ქორწინების აღთქმის შესახებ

დევიდ გაში – სხვაგვარად ვფიქრობთ

გიგა ბერიაშვილის თარგმანი

ახალი ეონის ბიბლიოთეკა

თავი მეთექვსმეტე

ქორწინების აღთქმის შესახებ

ამჯერად ვცადოთ და გამოვარკვიოთ, თუ რა ადგილი უჭირავს აღთქმას ქრისტიანობის სექსუალურ ეთიკაში.

მრავალი ქრისტიანული კოლეჯი და სემინარია ლაპარაკობს ლგბტქ საკითხებზე. გასული ოცი წლის განმავლობაში, როდესაც მათთან სტუმრობისას დაგეგმილიც კი არ მქონია ამაზე საუბარი, საბოლოოდ, დიალოგი მაინც ამ თემებისკენ მიდიოდა. მახსოვს, ერთხელ, ერთი ღრმად კონსერვატორი კოლეჯისთვის მოხსენებას ვკითხულობდი. ჩვენი საუბარი ამ თემისკენ წარიმართა და მაშინ, ფილოსოფიის სტუდენტებს ვუთხარი: „პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ვამბობთ – ჰომოსექსუალობა პრობლემაა, მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცით მისი პრობლემურობის მიზეზი.“

ფილოსოფოსებმა მშვენივრად იციან, რომ თუკი შენი მოსაზრების განმტკიცებისთვის მყარ არგუმენტს არ მოიყვან, სათაკილო სიტუაციაში აღმოჩნდები. ფილოსოფოსების გარდა, მშობლებმაც იციან ამის შესახებ. მახსოვს, ერთხელ ღრმად კონსერვატორი ევანგელური ქრისტიანი მშობლების ნამუშევარი დავიხმარე მოხსენებაზე მუშაობის პროცესში. ყველაზე მეტად, რაც ამ ნამუშევარში მომეწონა, ავტორის აქცენტი იყო მშობლების მიმართ, რომ თავიანთი შვილებისთვის მკაფიოდ აეხსნათ იმ კანონების არსი, რომელსაც უწესებდნენ.

მოკლედ, კონსერვატორების აზრით, ჰომოსექსუალებმა რომანტიკული ურთიერთობა არ უნდა დაამყარონ, მაგრამ… მაგრამ… და მაინც, რატომ? რა მიზეზით? რატომ უნდა იყოს მსგავსი ურთიერთობები ცოდვილი? ჯეიმს ბრაუნსონის სიტყვებით რომ ვთქვათ, რა მორალი და ლოგიკა დევს ამ აკრძალვაში? ბიბლია ასე ამბობსო. კარგი, მაგრამ უფრო ზუსტად ამის შესახებ მაინც რომელი მუხლები საუბრობს?

• დაბადება 19, მსაჯულთა 19: მაგრამ ამ ტექსტებში საუბარია ამბავზე, რაოდენ საზარელია ჯგუფური გაუპატიურება ადამიანებისა (ანგელოზებისაც). სამწუხაროდ, სოდომი არასწორად ტრანსფორმირდა „სოდომიად“ ათასობით წლის მანძილზე.

• ლევიანთა 18-20: ამ ტექსტში კი საუბარია, რომ კაცის კაცთან დაწოლა ისე, როგორც ქალი წვება კაცთან საზიზღრობაა, მაგრამ მკვლევარები დიდი ხანია ცალსახად ასახელებენ ამ აკრძალვის რეალურ მიზეზს. მთელი ერთი თავი მაქვს ებრაული საღმრთო წერილიდან ამ და სხვა საკითხების განხილვისათვის.

• პირველი კორინთელთა 6, პირველი ტიმოთე 1: ამ ტექსტებში ორი სიტყვაა მოცემული, რომლებიც არასწორად ითარგმნა და მათი ზუსტი განმარტებით ამ მუხლების საზრისი აბსოლუტურად იცვლება.

• დაბადება 1-2, მათე 19, რომაელთა 1 (აგრეთვე ლევიანთა 18-20, პირველი კორინთელთა 6, პირველი ტიმოთე 1): აღნიშნული ტექსტები ამბობენ, რომ ერთნაირსქესიანი ურთიერთობები ღმრთის განზრახვას, რომელიც შესაქმეში გამოვლინდა, ეწინააღმდეგება. წინა თავში სამი მაგალითი მოვიყვანე, რომელიც ეპასუხება კონსერვატორების წამოყენებულ მოსაზრებებს, თუ რატომ არ ეწინააღმდეგება ერთნაირსქესიანი წყვილების ურთიერთობები ღმრთის ნებას (უფრო ადრე კი განვიხილე კულტურული ფაქტორები, რომელიც პავლეს დამოკიდებულებებს ცხადად ხსნის).

კონსერვატორები ზოგჯერ გაოგნებას ვერ მალავენ, როგორ შეუძლია რომელიმე ქრისტიანს, თავისი დამოკიდებულება ლგბტქ საკითხებზე ასე ერთბაშად შეიცვალოსო. არადა პასუხი მარტივია, რადგან მთელი საქრისტიანოს დამოკიდებულება აღნიშნულ თემებზე, ერთნაირსქესიანი წყვილების ურთიერთპარტნიორობასა და მათ რომანტიულ-სექსუალურ ურთიერთობებზე, განპირობებულია ებრაული საღმრთო წერილის ზოგიერთ მუხლსა და ახალი აღთქმის რამდენიმე ებრაული საღმრთო წერილის ექოსა და ალუზიაზე.

წმინდა წერილის ტრადიციული კითხვა და მისი ამგვარი ინტერპრეტაცია თავისთავად განპირობებულია გლობალურად გავრცელებული ხედვებისგან და თავადაც განაპირობებს მის ძალაუფლებას, თუმცა მისი ახლებური გააზრება ქრისტიანულ აზროვნებაში ინერციას იწვევს და ჩვენი ლგბტქ და-ძმების ჩვენს სამრევლოებში უპრობლემოდ მიღების ამინდს ქმნის. ნუ დაგავიწყდებათ, ხშირად, მათ თავიანთი ოჯახებიც კი წირავენ. სისტემატიური ფსიქოლოგიური, მორალური და ფიზიკური ძალადობისა და სტრესის ქვეშ იმყოფებიან, არც ისე მცირე ნაწილი თვითდაზიანებასა და სუიციდს მიმართავს. ლგბტქ ადამიანები საუკუნეების განმავლობაში იდევნებიან საზოგადოების უმრავლესობის მიერ, დღესდღეობით, მათი დევნა შედარებით შემსუბუქებულია და აწ უკვე მათ გვერდით ქრისტიანებიც დგანან, რომლებიც თავს არ ზოგავენ ამდენხნიანი უსამართლობის წარსულში დატოვებისთვის.

მას შემდეგ, რაც ამ თემაზე დაწერილ სხვადასხვა ტექსტს ყურადღებით გავეცანი, გავაცნობიერე, რომ ის ყველაფერი, რასაც ბიბლიური ტექსტები და ქრისტიანული ეკლესიები ლგბტქ ადამიანებისა და მათი ურთიერთობების მარგინალიზებისათვის იყენებდნენ, სრულიად უსაფუძვლოა, აზრგამოცლილია და სრულებითაც არ წარმოადგენს კამათის საგანს. სინამდვილეში, ერთადერთი, რაც მნიშვნელოვანია, ჩვენი დამოკიდებულებაა, როგორც თეოლოგიური საკითხების, ისე ჩვენ ირგვლივ მყოფი ლგბტქ ადამიანების მიმართ, რომელთა არც ისე მცირე ნაწილი ქრისტიანია. დარწმუნებული ვარ, რომ დიალოგი, რაზედაც ამდენი ხანია ვწერ, საერთოდ არ წარმოადგენს პრობლემას და გარდაუვალიც კია დასხდომა და ზემოთ აღწერილი თემების განხილვა.

მოდით, ჩავთვალოთ, რომ ლგბტქ ადამიანები გარესკნელის წყვიადიდან ამოვიყვანეთ და ქრისტიანულ საზოგადოებაში მათი სრული ინტეგრირება მოხდა. კონსერვატორები ამბობენ, რომ ეს მაინც არ გადაჭრის საკითხს, რა უნდა უყონ თავიანთ სექსუალურ და რომანტიკულ მისწრაფებებს. დავუშვათ, აკრძალვები მოვუხსენით, მერე რა იქნება?

დასავლური კულტურა და ღირებულებები ამბობს: ერთადერთი ღირებული მორალური განჩინება, რომელიც სექსუალურ ეთიკას უკავშირდება, სექსუალური ურთიერთობების დაშვებაა იმ შემთხვევაში, თუკი შენი სექსუალური მისწრაფებები ვინმეს ზიანს არ აყენებს. ყველაფერი დაშვებულია, თუკი ადამიანები მის დაშვება თანხმდებიან. ამას ურთიერთშეთანხმების მორალს ვუწოდებ.

შედარებით უფრო განსხვავებული, ერთგვარი ამაღლებული ხედვაც არსებობს, რომელსაც სიყვარულის მორალი ჰქვია: ყველაზე სწორია და მორალურად გამართლებული, იპოვო ადამიანი, რომელიც გეყვარება და მხოლოდ მასთან გექნება სექსუალური ურთიერთობებიც.

ქრისტიანობა მთელი თავისი ისტორიის მანძილზე ამბობს: ღმერთმა განაჩინა, რომ კაცმა და ქალმა ერთმანეთზე იქორწინონ ეკლესიაში და მხოლოდ ქორწინებაში იყოს დაშვებული სექსუალური ურთიერთობა (ან ეკლესიის ნაცვლად ცივილური წესებით, სამოქალაქო ქორწინებაში შევიდნენ ერთმანეთთან), მანამდე, სანამ ერთმანეთს სიკვდილი არ დააშორებთ. მოდით, ამას აღთქმის ქვეშ მყოფი მორალური განჩინება ვუწოდოთ, რომელიც კრძალავს ცოლ-ქმრულ ღალატსა და გაყრას.

ეს სამი მაგალითი ერთმანეთისგან ქვეტექსტითაც განსხვავდება და ადამიანთა სხვადასხვა კატეგორიებსაც მიემართება. ის, რაც ამ სამს აერთიანებს, ადამიანის სექსუალური სურვილებისა და სექსუალური ურთიერთობისკენ სწრაფვის აღიარება და შეთანხმებაა, რომ ძალადობა და ტკივილის მიყენება დაუშვებელია. ეს წესები ჩვენს კულტურაში ღრმადაა გამჯდარი. ეს ის წესებია, რასაც ჩვენი კოლეჯების კამპუსებში უნდა ასწავლიდნენ, რადგან სექსუალური ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სწორედ აქაა.

სასიყვარულო ურთიერთობის მორალური წესები ადამიანის სექსუალური ცხოვრების საჭიროებას აღიარებს, მაგრამ მას ადამიანურ სიყვარულსაც უმატებს და ამგვარად, ადამიანებს შორის კავშირის არსებობაზე ამახვილებს ყურადღებას. ურთიერთობის ამგვარი მონოგამიური გაგება, ხანგრძლივი თანაცხოვრების საფუძვლად მიიჩნევა.

ქრისტიანული გაგება ურთიერთობისა, სექსუალური სწრაფვებისა და სიყვარულისა, თითქმის იდენტურია, უბრალოდ, ამათ შორის ის განსხვავებაა, რომ ასეთ ურთიერთობას იგი ქორწინების ფარგლებში უშვებს და მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ მან მთელი ცხოვრება უნდა გასტანოს (ზოგჯერ ძალიან მცირე გამონაკლისებს უშვებს). ამგვარად, ქრისტიანობის მიზანია, რომ ადამიანი თავის გაუხედნავ იმპულსებთან, მანკიერ ადამიანურ ბუნებასთან მარტო არ დატოვოს და ირგვლივ მორალური, ეთიკური, საზოგადოებრივი და საეკლესიო სიმტკიცეები შემოარტყას. ეს არის ის, რასაც ქრისტიანული ეკლესია ადამიანებს შორის დადებულ აღთქმაზე გვასწავლის.

დაახლოებით მე-20 საუკუნიდან, ქრისტიანობაში არსებულმა ურთიერთ აღთქმამ თავისი მნიშვნელობა ნელ-ნელა დაკარგა. თაობიდან თაობამდე სულ უფრო და უფრო ცხადად ვხედავთ ამას. ჩემი მშობლები 53 წლის განმავლობაში იყვნენ დაქორწინებულები, ბოლოს მამა დაქვრივდა. ახალ თაობაში ამდენწლიან ქორწინებაში მყოფი წყვილების რაოდენობა თანდათანობით უფრო მცირდება. მე მგონია, რომ 1960-იანი წლებიდან იწყება შეთანხმებული ურთიერთობების მიერ აღთქმადადებული, ქორწინებაში მყოფი წყვილების ურთიერთობების ჩანაცვლება და სწორედ ამ მიზეზის გამო განიცდის მონოგამია კრახს. ქორწინება არ არის ქორწინება, თუკი საქმე იძულებით მონოგამიასთან გვაქვს. ზოგადად, ერთგულების ვალდებულებამ, მთელი ცხოვრების განმავლობაში ერთ ადამიანთან ყოფნის იდეამ, დღევანდელობაში ქორწინებისა და მისი საფუძვლების შესუსტება გამოიწვია. ქორწინების კოლაფსი ჩვენი დროის ერთ-ერთი არანაკლებ პრობლემური საკითხია და აუცილებლად საჭიროებს განხილვას, რადგან კულტურული ბზარების გარდა, დანგრეულ ქორწინებაში ყველაზე მეტად ბავშვები ზარალდებიან.

თანამედროვე ქრისტიანობისთვის, ქორწინების მთავარი მიზანი შვილების გაჩენაა. დღევანდელი ცხოვრების შემხედვარეს, შეიძლება გეგონოს, რომ 1960-იან წლებში სექსისა და გამრავლების შესახებ არაფერი იცოდნენ. ადრეც და ახლაც ზრდასრულ ადამიანებს თავისუფლად შეუძლიათ, მასთან ჰქონდეთ სექსი, ვისთანაც უნდათ, რადგან კონდომები და აბები თავის საქმეს მშვენივრად აკეთებენ, მაგრამ ყოველთვის ასე არ ხდება. კვლევებმა აჩვენა, რომ ამერიკაში დაბადებული დაახლოებით 40% ბავშვისა, შემთხვევით ჩაისახა. განქორწინებამ ან წყვილის დაშორებამ სწორედ ამ ბავშვებზე გადაიარა. ამერიკასა და მთელ მსოფლიოში უამრავი ბავშვია, რომლებმაც თავიანთი მშობლების ქაოტური სექსუალური ცხოვრების გამო სათანადო მზრუნველობა ვერ მიიღეს.

მე ქორწინების მომხრე ვარ. ნებისმიერი ვინმე, ვისაც ჩემი რომელიმე ნაშრომი წაუკითხავს ამ თემაზე, ცალსახად დამეთანხმება. მგონია, ეს მორალური დამოკიდებულება ჩემს ხედვებში წმინდა წერილის შემდეგი წიგნებიდან გამომდინარე აისახა: მალაქია 2, მათე 19, მარკოზი 10 და ეფესელთა 5. ურთიერთშეთანხმების ეთიკას რაც შეეხება, მისი რადიკალური წინააღმდეგი ვარ, მძულს ამგვარი ურთიერთობა, რადგან დამანგრეველად მიმაჩნია. აგრეთვე, სიყვარულის მორალიც ნგრევისთვისაა განწირული.

წმინდა წერილიცა და ჩვენი თვალებით ნანახი ცოცხალი მტკიცებულებებიც ცალსახად ამბობს, რომ საქორწინო აღთქმა ერთადერთია, რაც წლებს უძლებს. რაც შემეხება მე, ჩემი მშობლების დადებული აღთქმის მადლი გადმოვიბარე და 30 წელია, ქრისტიანულ ქორწინებაში ვიმყოფები. ამდენმა ძიებამ და კვლევამ ჩემი ეს აღთქმა ოდნავად ვერ შეარყია. მკაცრად და მტკიცე მოთმინებით ვუდგები იმას, რაც მე საკუთარ თავს დავაკისრე ჩემი ეკლესიის წიაღში და ამავეს ვითხოვ სხვა ეკლესიებისგანაც. მათმა ზნეობრივმა სისუსტემ, არაჯანსაღმა დამოკიდებულებამ ურთიერთობებისადმი, არანაკლები ზიანი მიაყენა ამ საკითხში კონსერვატორ ქრისტიან ლგბტქ წყვილებსაც.

ძალიან ბევრი ლიბერალი ლგბტქ ადამიანია, რომლებიც ჩემგან და მრავალი სხვა პასტორისგან კურთხევას ითხოვენ ნებისმიერი ტიპის სექსუალური ურთიერთობისთვის. ამას ჩემგან ვერასოდეს მიიღებენ.

სამაგიეროდ, აგრეთვე ძალიან ბევრი ლგბტქ ადამიანია, რომლებიც კურთხევას ითხოვენ ტრადიციული, ქრისტიანული მორალის ქვეშ მყოფი ურთიერთობისთვის. ისინი მთელ თავიანთ ცხოვრებას ერთ ადამიანს აღუთქვამენ, როგორც ყველა ღირსეული ქრისტიანი და მათ თანადგომა სჭირდებათ, როგორც სასულიერო პირებისგან, ასევე მრევლისგან, რასაც აუცილებლად მიიღებენ.

რა საოცარია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეკლესია გამუდმებით დევნიდა და უარყოფდა მათ, ლგბტქ ადამიანებს შორის ძალიან ბევრი წყვილია ისეთი, რომელმაც თავიანთ ცხოვრებაში ის ღირებულებები გაატარეს, რასაც ქრისტიანობა ქადაგებდა. ისინი ნამდვილად იმსახურებენ ღირსეულ ადგილს ეკლესიაში.

წინა

ბრიტანეთის ავიახაზები ტრადიციულ მისალმებას გენდერულად ნეიტრალური მისალმებით ჩაანაცვლებს

შემდეგი

ქვიარ ქალები ამერიკულ მონეტებზე

ბოლო სიახლეები

კვლევის თანახმად ორსული ქვიარ ქალები უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები

FacebookTweetLinkedInEmail 5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი

დააკავეს კაცი, რომელმაც 200-მდე ქალს 5000-მდე ფოტო და ვიდეო მოტყუებით და ფარულად გადაუღო

FacebookTweetLinkedInEmail სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე 43

ამარი – ტრანსგენდერი მომღერალი ძლიერი ხმით და საინტერესო ისტორიით

FacebookTweetLinkedInEmail ამარი American Idol-ის მონაწილეა, რომელმაც უამრავი მსმენელი მოხიბლა მსოფლიოს მასშტაბით. 28 წლის მომღერალი წარმოშობით ამერიკელია,

წიგნის “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” პრეზენტაცია ჩაიშალა

FacebookTweetLinkedInEmail 6 მარტს დაგეგმილი წიგნის პრეზენტაცია “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში”  ჩაიშალა. კრებული ქართველი მხატვრების