//

იცავს თუ არა გამოხატვის თავისუფლების ქართული მოდელი შეურაცხმყოფელ გამოხატვას

ავტორი: თამარ ავალიანი

უფლებადამცველი გიორგი თაბაგარის საქმე

უფლებადამცველ გიორგი თაბაგარს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციელის მიმართ დაუმორჩილებლობას ან პოლიციელის სიტყვიერ შეურაცხყოფას ან/და მის მიმართ შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას ედავება, რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. სასამართლოზე პოლიციელებმა გიორგი თაბაგარისთვის 15 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა მოითხოვეს.

სამართალდამცავი უწყება გიორგი თაბაგარს ედავება 5 ივლისს, სატელეფონო საუბრისას, პოლიციელის გინებას. ეს ხდება მაშინ, როდესაც 5 ივლისს ხელისუფლების წახალისებით, ფაშისტურმა და ქსენოფობიურმა ჯგუფებმა დაარბიეს თბილისი პრადის ოფისი და აქტივისტებს ფიზიკური განადგურების მუქარით დასდევდნენ. პოლიცია ამ დროს არ ასრულებდა თავის პოზიტიურ ვალდებულებას და არ იცავდა აქტივისტების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

საქართველოს კანონი ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“, გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივ რეგულირებას, თვალსაზრისობრივად, ნეიტრალური სახით ითვალისწინებს პირისპირ შეურაცხყოფისას, რასაც 5 ივლისს ადგილი არ ჰქონია (პოლიციელსა და გიორგი თაბაგარს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა). გიორგი თაბაგარის მიერ განხორციელებულ სატელეფონო შეურაცხმყოფელ გამოხატვას არ გამოუწვევია უკანონო ქმედების აშკარა და მყისიერი საფრთხე და არ არსებობდა ამგვარი ქმედების განხორციელების მაღალი ალბათობა. შესაბამისად, პოლიციელის მიმართ გიორგი თაბაგარის გამოხატვა სრულად ჯდება გამოხატვის თავისუფლების დაცვის სფეროში და წარმოადგენს მის შეფასებით მსჯელობას პოლიციელის მიმართ.

ჰენდისაიდის საქმეზე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ,,კონვენციის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილით დაცულია არა მარტო „ინფორმაცია“ ან „იდეები“, რომლებიც კეთილმოსურნეა, ან აღიქმება როგორც უწყინარი ან ინდიფერენტული, არამედ ისეთებიც, რომლებიც შეურაცხმყოფელი, გამაოგნებელი ან შემაწუხებელია სახელმწიფოს ან მოსახლეობის რომელიმე ნაწილისთვის. ასეთია პლურალიზმის, შემწყნარებლობისა და ფართო თვალსაწიერის მოთხოვნები, რომელთა გარეშეც არ არსებობს „დემოკრატიული საზოგადოება“. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი იცავს შეურაცხმყოფელ გამოხატვას, თუ მას საჯარო დებატებში კონტრიბუციის შეტანის ფუნქცია გააჩნია. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი არ იცავს ისეთ გამოხატვას, თუ იგი ,,ბოროტგანზრახულ დამდაბლებას“ უთანაბრდება და მისი ერთადერთი მიზანი ადამიანის ღირსების შელახვაა.

გამოხატვის თავისუფლების ქართული მოდელი გამოხატვის შეზღუდვის თვალსაზრისობრივად ნეიტრალურ საფუძველზეა ორიენტირებული. საქართველოს კონსტიტუცია იცავს შეურაცხმყოფელ გამოხატვას, თუ მისი ერთადერთი მიზანი ადამიანის ღირსების დამცირება არ არის და მას საზოგადოებრივ დისკუსიაში წვლილის შეტანის ფუნქცია გააჩნია. გამოხატვის თავისუფლების ქართული მოდელი აშშ-ს მოდელის გავლენას განიცდის და ევროპული კონვენციის მე-10 მუხლზე მაღალ სტანდარტს აწესებს. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლი გამოხატვის შინაარსობრივად და თვალსაზრისობრივად ნეიტრალურ მოდელზეა, ორიენტირებული და შეურაცხმყოფელ გამოხატვას იცავს. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონით, მოსაზრება, შეფასებითი მსჯელობა, კომენტარი აბსოლუტური პრივილეგიით არის დაცული და გამორიცხავს პასუხისმგებლობას აზრის გამოხატვის გამო, თუნდაც იგი შეურაცხმყოფელი იყოს.

გამოხატვის თავისუფლების ქართული კონსტიტუციური მოდელი ,,ბრანდენბურგის საქმეზე“ განვითარებულ სტანდარტს იზიარებს. საქმეში -„ბრანდერბურგი ოჰაიოს წინააღმდეგ“, ამერიკის უზენაესმა სასამართლომ აღნიშნა, რომ „გამოხატვა არ შეიძლება შეიზღუდოს იმ შემთხვევის გარდა, როდესაც სახეზე გვაქვს უკანონო ქმედების მყისიერი გამოწვევა და არსებობს მაღალი ალბათობა, რომ უკანონო შედეგი დადგება.“ გამოხატვის თავისუფლების აშშ-ს მოდელით თუ ნათლად არ იკვეთება ,,ბრანდენბურგის ტესტით“ გათვალისწინებული ნიშნები, სიძულვილის ქადაგებაც დაცულია აშშ-ს პირველი შესწორებით.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ასევე იზიარებს ჰენდისაიდის საქმეზე განვითარებულ მსჯელობას და გამოხატვის თავისუფლების კიდევ უფრო მაღალ სტანდარტს ავითარებს. 2016 წელს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე – ,,საქართველოს მოქალაქე იური ვაზაგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ , განმარტა, რომ „იმავდროულად, თავისუფალი სიტყვა იმით ფასობს, ანუ სწორედ იმაში გამოიხატება სიტყვის თავისუფლება, რომ ის მოიცავს არა მხოლოდ ისეთ მოსაზრებებს თუ გამონათქვამებს, რომლებიც ყველასათვის მისაღებია, დადებითად აღიქმება, მთლიანად საზოგადოების ან თუნდაც მისი დიდი ნაწილის, უმრავლესობის აზრს და გემოვნებას ეხმიანება, არ ითვლება საჩოთიროდ, არამედ მოიცავს ისეთ იდეებს, აზრებს თუ გამონათქვამებსაც, რომლებიც მიუღებელია ხელისუფლებისთვის, საზოგადოების ნაწილისთვის თუ ცალკეული ადამიანებისთვის, შოკის მომგვრელია, რომელმაც შეიძლება აღაშფოთოს საზოგადოება, ადამიანები, წყენაც კი მიაყენოს მათ, გამოიწვიოს საზოგადოებაში ვნებათა ღელვა, ასევე იგი მოიცავს კრიტიკას და სარკაზმსაც. ასეთია ტოლერანტობის, პლურალიზმის, შემწყნარებლობის მოთხოვნები, რომლებიც დემოკრატიის საზრდოობისთვის შეუცვლელი წყაროა“.

„საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით, „ზოგადად, სიტყვის მართლმსაჯულების ობიექტად ქცევა უკიდურეს შემთხვევაში უნდა ხდებოდეს, როდესაც ეს ობიექტურად აუცილებელია. არ შეიძლება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა მართლმსაჯულების გზით მხოლოდ იმის გამო, რომ არ ვეთანხმებით, გვეშინია, გვძულს, მიგვაჩნია, რომ საზოგადოების მორალისა თუ ტრადიციების შეუსაბამოა. გამოხატვის თავისუფლების და, მაშასადამე, დემოკრატიის სიცოცხლისუნარიანობისთვის განსაკუთრებული სიფრთხილე სწორედ ასეთი ნეგატიური განწყობებისა თუ დამოკიდებულებების განმაპირობებელი მოსაზრებების მიმართ სამართლის დამოკიდებულებას მართებს. გამოხატვის თავისუფლების დაბალანსების საუკეთესო გზა ისევ გამოხატვაა – რადგან ნებისმიერი მოსაზრება, გამონათქვამი, რომელსაც არ ეთანხმები, არ მოგწონს ან, შენი აზრით, სიმართლეს არ შეესაბამება, შეიძლება უარყო საწინააღმდეგო მოსაზრებებითა და იდეებით, რომელთაც იზიარებ, მოგწონს ან სწორად მიგაჩნია.“

წყაროები:

ჰენდისაიდი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Handyside v. United Kingdom), 1976 წლის 7 დეკემბერი, 49-ე პუნქტი.

სემკადიენის შპს ლიეტუვის წინააღმდეგ (Sekmadienis Ltd. V. Lithuania), 2018 წლის 30 იანვარი, 77-ე−81-ე პუნქტები.

 მაგიარ ტარტალომსზულგარტატოკ ეგუისულეტე და ინდექს.ჰუ ცრტ უნგრეთის წინააღმდეგ (MAGYAR TARTALOMSZOLGÁLTATÓK EGYESÜLETE AND INDEX.HU ZRT v. HUNGARY), 2016 წლის 2 თებერვალი, 76-ე პუნქტი; სკალკა პოლონეთის წინააღმდეგ (Skalka v. Poland), 2003 წლის 27 მაისი, 34-ე პუნქტი; სავა ტერენტიევი რუსეთის წინააღმდეგ (Savva Terentyev v. Russia), 2018 წლის 28 აგვისტო, 68-ე პუნქტი.

„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; მე-4 მუხლი.

 ბრანდენბურგი ოჰაიოს წინააღმდეგ (Brandenburg v. Ohio), 1969 წელი.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე – საქართველოს მოქალაქე იური ვაზაგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ,  №1/6/561,568, 30.09. 2016. იქვე, 50-ე-51-ე პუნქტები.

ფოტოები:

tabula.ge

mythdetector.ge

lithub.com

theguardian.com

წინა

ვის უჭერენ მხარს ქვიარები – არჩევნები 2021

შემდეგი

რუსეთი ლგბტქ+ ჯგუფებისთვის “ექსტრემისტების” იარლიყის მიკერებას აპირებს

ბოლო სიახლეები

კვლევის თანახმად ორსული ქვიარ ქალები უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები

FacebookTweetLinkedInEmail 5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი

დააკავეს კაცი, რომელმაც 200-მდე ქალს 5000-მდე ფოტო და ვიდეო მოტყუებით და ფარულად გადაუღო

FacebookTweetLinkedInEmail სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე 43

ამარი – ტრანსგენდერი მომღერალი ძლიერი ხმით და საინტერესო ისტორიით

FacebookTweetLinkedInEmail ამარი American Idol-ის მონაწილეა, რომელმაც უამრავი მსმენელი მოხიბლა მსოფლიოს მასშტაბით. 28 წლის მომღერალი წარმოშობით ამერიკელია,

წიგნის “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” პრეზენტაცია ჩაიშალა

FacebookTweetLinkedInEmail 6 მარტს დაგეგმილი წიგნის პრეზენტაცია “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში”  ჩაიშალა. კრებული ქართველი მხატვრების