ქალი მღვდლები, როგორც ღმერთის კურთხევა

როდესაც ჩეხოსლოვაკიაში კომუნისტური დიქტატურა გაბატონდა (1948-1990), რელიგიისა და, განსაკუთრებით, დომინანტი რელიგიური ჯგუფის – რომის კათოლიკე ეკლესიის დევნა და განადგურება მთავრობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ამოცანას წარმოადგენდა. იმ სასულიერო პირებს, რომლებიც არ დამორჩილდნენ „განეკლესიურების“ გეგმას (ტერმინი აღნიშნავს სასულიერო პირთა მიერ მსახურების მიტოვებასა და საერო პირად გახდომას), სამი სამომავლო პერსპექტივა გააჩნდათ: დაპატიმრება, დახვრეტა ან საეკლესიო მსახურების იატაკქვეშეთში გაგრძელება. სწორედ ასეთ იატაკქვეშა მსახურებას ეწეოდა რომის კათოლიკე ეპისკოპოსი ფელიქს მარია დავიდეკი (თავადაც იატაქვეშა ეკლესიაში იყო ეპისკოპოსად ხელდასხმული 1967 წელს მონსინიორ იან ბლაჰას მიერ). მისთვის ეპისკოპოსობა არა პრივილეგიას, არამედ სიკვდილის რისკზე წასვლას წარმოადგენდა, თუმცა მორწმუნეთათვის მამობრივი მსახურების სურვილმა მისი შიში გაფანტა და მიანიჭა გამბედაობა, ღმერთის გეგმა ყველა შესაძლებლობით აღესრულებინა.

მიუხედავად მისი გმირული თავგანწირვისა, დღეს ის ჩვენთვის სხვა კუთხითაა საინტერესო – მან აღასრულა 68 მღვდლის ხელდასხმა, აქედან 5 ქალი იყო. მეტიც, მან თავის გენერალურ ვიკარად მის მიერ ხელდასხმული ქალი მღვდელი – დედა ლუდმილა იავოროვა დანიშნა.

ლუდმილა იავოროვა გრძნობდა სურვილს, გამხდარიყო მონაზონი, თუმცა კომუნისტური რეჟიმის პირობებში ეს შეუძლებელი იყო. ეპისკოპოსი ფელიქს მარია დავიდეკი იავოროვას ოჯახთან მეგობრობდა, ლუდმილაში კი დაინახა ძლიერი ადამიანი მტკიცე რწმენით, ჩაუქრობელი ენთუზიაზმითა და ლიდერული ნიჭით, რის გამოც, განიზრახა, ის მღვდლად ეკურთხებინა იატაკქვეშა საოჯახო ეკლესიებში მსახურებისათვის, რაც 1970 წლის 28 დეკემბერს აღასრულა. ამ საიდუმლო მოვლენას მონსინიორ დავიდეკის ძმა – ლეო შეესწრო.

დედა ლუდმილა იავოროვა ასე იხსენებს საკუთარ განცდებს: „ეს საოცრად მოულოდნელი იყო. არ მოველოდი მღვდლად ხელდასხმას. მე ეს ღმერთის საჩუქრად მივიღე. ღმერთი საჩუქრებს ყოველგვარი დამსახურების გარეშე იძლევა, ამიტომაც ვერასდროს ვიპოვი პასუხს კითხვაზე – რატომ მე?“

მონაზონმა – და მირიამ თერეზე ვინთერმა, წიგნი დაწერა, რომელიც პირველი რომის კათოლიკე ქალი მღვდლის – დედა ლუდმილა იავოროვას ბიოგრაფიასა და დაუღალავ მსახურებას მიუძღვნა, სადაც ის წერს: „ლუდმილამ აღასრულა თავისი პირველი წირვა – უბრალოდ, ჩუმად, ფელიქს და ლეო დავიდეკებთან, იესოს დედა მარიამთან, ღმერთის ყველა ანგელოზთან და წმინდანთან ერთად“.

1990 წელს, ჩეხოსლოვაკიაში კომუნისტური რეჟიმი დაინგრა. იატაკქვეშეთიდან ამოსულმა ეკლესიამ რომი გააოცა, რადგან იქ იყვნენ არა მხოლოდ ქალი მღვდლები, არამედ ქორწინებაში მყოფი კაცი მღვდლებიც (რომის კათოლიკე ეკლესია დღემდე კრძალავს ქალთა ხელდასხმას, ლათინურ წესში კი, იკრძალება მღვდლების ქორწინება). ქორწინებაში მყოფ კაც მღვდლებს უფლება დართეს, ბიზანტიური წესის სამრევლოებში გაეგრძელებინათ მოღვაწეობა, ქალ მღვდლებს კი, 1996 წელს მკაცრად აუკრძალეს სამღვდელო მოვალეობების შესრულება, ასევე, აუკრძალეს ესაუბრათ ამ აკრძალვების შესახებაც. არქიეპისკოპოსმა ჯონ ბუკოვსკიმ ხელდასხმებს უწოდა – ვალიდური (მოქმედი, ძალაში მყოფი), მაგრამ არაკანონიერი, რადგან ის ეწინააღმდეგება რომის კათოლიკე ეკლესიის კანონებსა და კატეხიზმოს.

დარწმუნებული ვარ, ეს შემთხვევა დაეხმარება ეკლესიებს, გაიაზრონ, თუ რაოდენ დიდი კურთხევა შეიძლება აღმოჩნდეს ეკლესიისთვის ქალთა ხელდასხმა და მათი მსახურება.

დედა ლუდმილა იავოროვა დღეს 90 წლისაა. ის დღემდე აქტიურადაა ჩართული საეკლესიო ცხოვრებაში და მსახურობს, როგორც რომის კათოლიკე ეკლესიის ლიტურგიული კომისიის სპიკერი.

დედა ლუდმილა იავოროვა, მონსინიორ დავიდეკის პორტრეტთან

სტატიის ავტორი: თომა ლიპარტიანი

წინა

შოტლანდია პირველი ქვეყანაა, რომელმაც LGBTQ+ ისტორიის სკოლებში სწავლება მოითხოვა

შემდეგი

თავდასხმა ტრანსგენდერ ქალზე – პოლიციამ ერთი პირი დააკავა

ბოლო სიახლეები

კვლევის თანახმად ორსული ქვიარ ქალები უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები

FacebookTweetLinkedInEmail 5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი

დააკავეს კაცი, რომელმაც 200-მდე ქალს 5000-მდე ფოტო და ვიდეო მოტყუებით და ფარულად გადაუღო

FacebookTweetLinkedInEmail სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე 43

ამარი – ტრანსგენდერი მომღერალი ძლიერი ხმით და საინტერესო ისტორიით

FacebookTweetLinkedInEmail ამარი American Idol-ის მონაწილეა, რომელმაც უამრავი მსმენელი მოხიბლა მსოფლიოს მასშტაბით. 28 წლის მომღერალი წარმოშობით ამერიკელია,

წიგნის “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” პრეზენტაცია ჩაიშალა

FacebookTweetLinkedInEmail 6 მარტს დაგეგმილი წიგნის პრეზენტაცია “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში”  ჩაიშალა. კრებული ქართველი მხატვრების