უკრაინული პრაიდი ქვეყანაში მიმდინარე ომის ფონზე

უკრაინაში პრაიდი პირველად 2013 წელს ჩატარდა. პრაიდის ფარგლებში გამართულ საჯარო შეკრებაში სულ 80 ადამიანი მონაწილეობდა. შეკრების მშვიდობიან მონაწილეებს თავს ულტრამემარჯვენე დაჯგუფებების წევრები დაესხნენ და ზოგ მათგანზე ფიზიკურად იძალადეს.

2014 წლის საჯარო შეკრება გაუქმდა, რადგან ხელისუფლებამ პრაიდის ორგანიზატორებს უარი უთხრა მარშის მონაწილეების უსაფრთხოების დაცვაზე.

2015 წლის 6 ივნისს, მაშინ როდესაც ქვეყანაში საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა რუსეთის მიერ პროვოცირებული და მხარდაჭერილი კონფლიქტის ფონზე, კიევში პირველი პრაიდ მარში გაიმართა, რომელშიც 250 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. არც ამ მარშის მონაწილეების უსაფრთხოება იყო სათანადოდ დაცული სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან. მათ მარშის მონაწილეებთან ძალიან ახლოს მიუშვეს ძალადობრივი დაჯგუფებების წარმომადგენლები, დროულად არ აღკვეთეს მათი მართლსაწინააღმდეგო ქმედებები, როდესაც ისინი სხვადასხვა ნივთს ესროდნენ მშვიდობიან დემონსტრანტებს და პოლიციელების კორდონის გარღვევას ცდილობდნენ. 10-მა ადამაინმა მიიღო სხეულის დაზიანებები, მათ შორის, პოლიციელებმა. ყველაზე მძიმედ ერთ-ერთი პოლიციელი დაშავდა, რომელსაც ნეოფაშისტური დაჯგუფების წარმომადგენელმა ყელის არეში დანით ღრმა ჭრილობა მიაყენა. საბედნიეროდ, პოლიციელი გადარჩა.

2016 წელს კი, კიევ პრაიდის მარშს 6000-მდე ადამიანი დაესწრო და ღონისძიებამ მშვიდობიანად ჩაიარა.

შემდეგ წლებშიც – 2017, 2018, 2019-ში, ქვიარ თემის საჯაროდ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება სრულად უზრუნველყოფილი იყო, ხოლო მარშის მონაწილეთა რაოდენობამ 8000-ს გადააჭარბა.

”ქვიარი” დაუკავშირდა უკრაინელ აქტივისტ ქალებს. ჩვენ გვაინტერესებდა, როგორია უკრაინაში მცხოვრები ლგბტქი თემის წევრების უფლებრივი მდგომარეობა და რა სტრატეგიებს იყენებენ უკრაინელი ქვიარ აქტივისტები საკუთარი უფლებების ადვოკატირების პროცესში.

ცნობისთვის: ანა შარიგინა და ვერა ჩერნიგინა ღიად ლესბოსელი წყვილია. 10 წელზე მეტია, ქალები ლგბტქი მოძრაობის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ლიდერები არიან.

ქვიარი: ანა, ვერა, მოგესალმებით, გთხოვთ, ქვიარის მკითხველებს მოუყევით თქვენ შესახებ, რომელი წლიდან ხართ ქვიარ აქტივიზმში და ახლა რას საქმიანობთ.

ანნა: ჩვენ ორივე წარმოვადგენთ ლესბოსურ ფემინისტურ ორგანიზაცია “სფერა”-ს და ასევე ვართ ”კიევ პრაიდისა” და ”ხარკოვ პრაიდის” თანადამფუძნებლები.

ვერა: სამოქალაქო აქტივიზმში 2007 წლიდან ვართ. ამ დროიდან ვიბრძვით გენდერული თანასწორობის მისაღწევად.

ქვიარი: გამოდის, რომ უკრაინის ლგბტქი აქტივიზმში თავიდანვე იყავით ჩართული. ამ დროის განმავლობაში, რა შეიცვალა უკრაინაში მცხოვრები თემის წევრების სასარგებლოდ და რა რჩება ისევ პრობლემად ან გამოწვევად?

ანნა: გამოწვევები, რა თქმა უნდა, არის. პირველ რიგში, სამოქალაქო პარტნიორობის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებაა მისაღები. ჩვენს კანონმდებლობაში ხარვეზებია სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ეფექტურ აღკვეთასთან დაკავშირებით. მიღწევებიდან, გადალახულია აგრესია მოქალაქეების მხრიდან. შესაძლოა, ისინი ჩვენ მხარს არ გვიჭერდნენ, მაგრამ ლგბტქი თემის წარმომადგენლებზე თავდასხმებს უკვე აღარ ემხრობიან . მოქალაქეები უარყოფითად აფასებენ ადამიანზე ფიზიკურ თავდასხმას ნებისმიერი დისკრიმინაციული ნიშნის საფუძველზე. შესაძლოა, ეს დაკავშირებული იყოს უკრაინაში მიმდინარე ომთან, რადგან ხალხი დაიღალა ძალადობისგან, რაც ამ ომს მოაქვს. 2016 წელს ძალიან ბევრი ადამიანი სწორედ ფიზიკური ძალადობის წინააღმდეგ გამოვიდა მარშზე.

ვერა: პირველ რიგში, იმას აღვნიშნავდი, რომ პოლიცია რეალურად ზრუნავს ჩვენს უსაფრთხოებაზე საჯარო შეკრებების დროს. ვთქვათ, თუ კიევში ქალაქის მერიაც და პოლიციაც უჭერს კიევ პრაიდს მხარს, ხარკოვში ჯერ ასე არ არის – ქალაქი მხარს არ გვიჭერს, თუმცა პოლიციელები საკუთარ მოვალეობებს პირნათლად ასრულებენ. კიდევ აღსანიშნავია, რომ ტრანსგენდერი ადამიანებისთვის საპასპორტო სქესის შეცვლა აღარ არის დამოკიდებული ოპერაციების ჩატარებაზე.

ქვიარი: ქვიარ თემის წევრების მიმართ ჩადენილ სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებებს თუ იძიებენ ეფექტურად?

ანნა: ახლა ეს არის აქტუალური საკითხი, არა მხოლოდ სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით ჩადენილი დანაშაულებების გამოძიება და დამნაშავეების სათანადო დასჯა, არამედ – ნებისმიერი ნიშნით. მიუხედავად იმისა, რომ საკანონმდებლო დონეზე მინიმალური რეგულაციები არსებობს, არ გვაქვს გაწერილი პროცედურები, თუ როგორ უნდა წარიმართოს გამოძიება სიძულვილის მოტივის ან დისკრიმინაციული ნიშნის გამოსაკვეთად. გამომძიებლები გულწრფელად შემოგვჩივლებენ ხოლმე, რომ მათ უჭირთ სასამართლომდე საქმის ისე მიყვანა, რომ შესაძლებელი იყოს სპეციალური მუხლით სასჯელის დამძიმება.

ვერა: აქ გავაგრძელებდი თემას იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეიცვალა – პოლიციელების მხრიდან ჰომოფობიური დამოკიდებულების გამჟღავნება აღარ არის მოსალოდნელი. თუ მე მივმართავ პოლიციას, მე არ მეშინია, რომ იქაც წავაწყდები ჰომოფობიურ მოპყრობას. და ისიც ვიცი, თუ წავაწყდი და საჯარო მოხელის მხრიდან ჰომოფობიური აქტი გავასაჯაროვე ან საჩივარი დავწერე, აუცილებლად იქნება რეაგირება.

ქვიარი: თქვენთვის თუა ცნობილია ისეთი შემთხვევების შესახებ, როდესაც რომელიმე პოლიციელს დაეკისრა თუნდაც ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა იმის გამო, რომ უმოქმედოდ იყო და არ დაიცვა ლგბტქი თემის წევრის უფლებები?

ვერა: ზუსტად ვიცით, რომ შიგნით სამართალდამცავ უწყებაში საქმისწარმოებას ახორციელებენ პოლიციელების მიმართ, თუ მათ რაიმე გადაცდომა მოუვიდათ. მაგალითად, 2019 წლის პრაიდზე იყო ინციდენტი, როდესაც სამართალდამცავებმა არ იმოქმედეს დროულად და ძალადობრივი დაჯგუფების წარმომადგენელს მიეცა შესაძლებლობა, ფიზიკურად მიახლოვებოდა მარშის მონაწილეს. მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურ ძალადობამდე საქმე არ მისულა, თავად ფაქტი, რომ პოლიციელების მხრიდან უმოქმედობას ჰქონდა ადგილი, შეფასდა ძალიან უარყოფითად. ქალაქის მთავარმა პოლიციელმა ამაზე ბოდიში მოგვიხადა და დაგვპირდა, რომ უწყებაში გაგრძელდებოდა მუშაობა სამომავლოდ მსგავსი ინციდენტების გამოსარიცხად.

ანნა: სიძულვილით მოტივირებული ინციდენტები ლგბტქი აქტივისტების მიმართ ჯერ კიდევ ხშირია. მაგალითად, ხარკოვში, ჩვენს ოფისს პერიოდულად კვერცხებს ესვრიან, კედლებზე ტოვებენ წარწერებს, თუმცა ამას ღამით აკეთებენ და არა როგორც ადრე, დღისით, ყველას დასანახად.

ვერა: სულ ცოტა ხნის წინ, ულტრამემარჯვენე დაჯგუფების წარმომადგენლები პოლიციელს დაესხნენ თავს – დაზიანება მიიღო თავის არეში, ტვინის ძლიერი შერყევა ჰქონდა და მხოლოდ 2 თვით შინაპატიმრობა მიუსაჯეს თავდამსხმელს. ამ მხრივ, ჩვენ და პოლიციელები ერთ მხარეს ვართ. მათაც სჭირდებათ, კანონდამრღვევები უფრო მკაცრად ისჯებოდნენ.

ანნა: ულტრამემარჯვენე ორგანიზაციები ლგბტქი აქტივისტებს თავს აღარ ესხმიან. მათ საჯაროდ პრაიდის ოპონირებაზე უარი თქვეს. ისეთი სტრატეგია შეიმუშავეს, რომ ღია სივრცეში საჯაროდ საერთოდ აღარაფერს ამბობენ პრაიდსა თუ ლგბტქი აქტივისტებზე. ის ხალხი, რომელიც ფიზიკურ თავდასხმებს ახორციელებს, ოფიციალურად არ წარმოადგენენ ამ ორგანიზაციებს, თუმცა წახალისებული არიან მათი მხრიდან. ეს ორგანიზაციები დაინტერესებული არიან პოლიტიკური განვითარებით, ხოლო უკრაინაში პოლიტიკური მომავალი ვერ ექნება ჯგუფს, რომელიც ადამიანებს ფიზიკურად უსწორდება. პერიოდულად ტრანს ქალებს ესხმიან თავს, სამწუხაროდ, ეს საქმეები ხშირად არ მიდის პოლიციამდე და გამოძიებამდე.

ქვიარი: საქართველოშიც გვაქვს მსგავსი პრობლემა, რადგან ყველაზე დაუცველი თემი ეს არის ტრანსგენდერი ქალების თემი, ვინც ჩართულია სექსსამუშაოში. დამკვიდრებული მოსაზრებების მიხედვით, იმ პერიოდში, როდესაც იგეგმება ან/და იმართება საჯარო ლგბტ ღონისძიებები, სექსმუშაკ ტრანსგენდერ ქალებზე თავდასხმების სიხშირე იზრდება. ასევე, ზოგი სათემო ორგანიზაცია აპროტესტებს პრაიდის ჩატარებას, რადგან მიაჩნია, რომ ლგბტქი თემი ჯერ არ არის მზად პრაიდის ჩატარებისთვის და თავად ღონისძიება მეტად აზიანებს თემის წევრებს, ვიდრე რამე ბენეფიტი მოაქვს. უკრაინაში თუ ყოფილა მსგავსი მსჯელობა, ან თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხებზე?

ანნა: იყო საუბარი თემის შიგნით იმაზე, რომ ფიზიკური თავდასხმები თემის წევრებზე ხორციელდება პრაიდების გამო. ასეთ ბრალდებებს ისევ თემის წევრები პასუხობენ და ამბობენ, რომ ფიზიკური თავდასხმები ჰომოფობიის, ტრანსფობიის გამოა, რომლის შემცირების ეფექტური ინსტრუმენტი არის პრაიდი. აგრესიის გამოხატვაში ყოველთვის აგრესორია დამნაშავე. აქვე დავამატებ, რომ ლგბტქი თემის მობილიზების საკითხი უმნიშვნელოვანესია. პრაიდი, როგორც წესი, არის შემდეგი ნაბიჯი. თუ შევადარებთ უკრაინაში ჩატარებულ პრაიდებს – ის პრაიდები იყო მეტად წარმატებული, რომლის ორგანიზებისთვის თემი კარგად იყო მობილიზებული და პირიქით – ნაკლებად წარმატებული იყო ის პრაიდები, სადაც თემი ნაკლებად იყო მობილიზებული. მრავალრიცხოვანი პრაიდები ჩატარდა იმ ქალაქებში, სადაც ლგბტქი ორგანიზაციებმა იმუშავეს მეტი თემის წევრის ჩართულობაზე. ანუ თემის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა არ არის აუცილებელი, სულ მთლად დასაწყისში გქონდეთ ასეთი მხარდაჭერა. ვიცით შემთხვევები, როდესაც პრაიდზე თავიდან მხოლოდ აქტივისტები გავიდნენ. მაგალითად, 2015 წელს დაახლოებით 300 ადამიანი გავიდა და უკვე მომდევნო წელს ძალიან დიდი მხარდაჭერა მოიპოვა პრაიდმა – 6000-ზე მეტი ადამიანი გამოვიდა.

ქვიარი: როგორ ფიქრობთ, რამ გამოიწვია გარდატეხა, როდესაც 2016 წელს უკვე ათასობით ადამიანი გამოვიდა მარშზე და ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა?

ვერა: ჩემი აზრით, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა დაინახეს დიდი საფრთხე იმაში, რომ მათ ხელიდან ეცლებოდათ კანონით მინიჭებული ძალაუფლება და ის გადადიოდა არაფორმალური დანაშაულებრივი დაჯგუფებების ხელში. რა თქმა უნდა, ევროპელი კოლეგებიც დაგვეხმარნენ საკუთარი გამოცდილების გაზიარებით. მათ დაანახეს პოლიციას, რაში იყო მათი შეცდომა – 2016-ში მათ ძალიან ახლოს მოუშვეს ძალადობრივი აქცია ჩვენთან, სულ რაღაც 500 მეტრი იყო ჩვენ შორის დისტანცია და ამის გამო შემდეგ რთულად სამართავი სიტუაცია შეიქმნა, ხალხი დაზიანდა. ასევე, ღონისძიების დასრულების შემდეგ, არ მიიღეს პრევენციული ზომები, მათ უბრალოდ გაგვიშვეს და შემდეგ ასევე გაუჭირდათ იმის კონტროლი, ვის და სად დაედევნენ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მოხალისე ჰყავდა პრაიდს, პოლიციელების დახმარების გარეშე, მაინც შეუძლებელი იყო ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლების იმ რაოდენობასთან გამკლავება.

ანნა: მე კიდევ გამოვყოფდი უკრაინული პოლიციის რეფორმის პროცესს, რომელიც ძალიან კარგი აღმოჩნდა ჩვენთვისაც. დასავლეთის ქვეყნებმა ძალიან ბევრი გააკეთეს ჩვენი პოლიციელების გადამზადებისთვის და ამანაც გამოიღო სასიკეთო შედეგი. დიდი სამუშაო ჩატარდა პოლიციაში მშვიდობიანი დემონსტრაციების დაცვის სწავლების კუთხით. ევროპის საბჭოს სპეციალური მისია მონიტორინგს უწევს იმ უწყებების მუშაობას, რომლებიც პასუხისმგებელი არიან მშვიდობიანი დემონსტრანტების დაცვაზე.

ქვიარი: რამდენად ცნობილია, რა მიზნებს ემსახურებიან ის დაჯგუფებები, რომლებიც აორგანიზებენ ლგბტქი თემის წევრებზე თავდასხმებს? ვინ აფინანსებს მათ და რა მიზნით?

ვერა: აქ ვიზიარებთ მოსაზრებას, რომ ეს არის პრორუსული ფულით დაფინანსებული ჯგუფები, რომელთა მთავარი მიზანი უკრაინაში დესტაბილიზაციის შექმნა და დემოკრატიული პროცესების განვითარებისთვის ხელშეშლაა.

ანნა: ჩვენ გვაქვს შემდეგი სტრატეგია – ჩვენ არ ვხარჯავთ რესურსებს ამ დაჯგუფებების საქმიანობის შესწავლაზე. რესურსების ასე გამოყენება არაეფექტური იქნებოდა. ჩვენ ვაკეთებთ ჩვენს საქმეს და მივდივართ წინ იმისთვის, რომ შევამციროთ ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობები, რათა ამ დაჯგუფებებს გამოვაცალოთ საყრდენი მხარდამჭერების სახით.

ქვიარი: საინტერესოა, რამდენად განსხვავდება სიტუაცია უკრაინის რეგიონების მიხედვით.

ანნა: დიახ, სიტუაცია განსხვავდება, მაგალითად, ქალაქ ლვოვში არასოდეს ჩატარებულა არც ერთი პრაიდი და იქ ლგბტქი თემის წევრებზე თავდასხმების სიხშირე და ამ თავდასხმების საშიში ხასიათი გაცილებით მაღალია. ლვოვის მაგალითი ჩემთვის კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ იქ სადაც პრაიდი ტარდება, დროთა განმავლობაში თემის წევრებისთვის ცხოვრება ხდება გაცილებით მეტად უსაფრთხო. ყოველდღიურ ცხოვრებაში მაინც. ლვოვში ყოველგვარი საჯარო შეკრების გარეშეც ხდება არსაიდან და არაფრით პროვოცირებული თავდასხმები. ახლახანს გოგოებს დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ქვიარი: უკრაინის სულ რამდენ ქალაქში ტარდება ახლა პრაიდი?

ვერა: კიევში, ხარკოვში, ოდესაში, ზაპოროჟიეში…

ანნა: ყველა ლგბტქი საჯარო შეკრებას არ არქმევენ პრაიდს. მაგალითად, ხერსონში ”თანასწორობის მარში” ჰქვია.

ქვიარი: რას უსურვებდით თუ ურჩევდით თბილისი პრაიდის აქტივისტებს, რომლებიც აი, უკვე სულ მალე, 5 ივლისს გავლენ თბილისის ცენტრალურ ქუჩებში ღირსების მარშის ჩასატარებლად.

ვერა: რაც შეიძლება მეტი ადამიანი, ორგანიზაცია თუ ქვეყანა ჩართეთ ამ პროცესში. ჩვენც დაგეხმარებით ინფორმაციის გაზიარებაში და თქვენთან გვიგულეთ. ყველაფერი კარგად იქნება.

ანნა: მოთმინებას, ჯანმრთელობას გისურვებთ. რუსეთის ფაქტორის გათვალისწინებით, ჩემთვის ცხადია, რომ თქვენ აკეთებთ ძალიან რთულ სამუშაოს თქვენთვის და ქვეყნისთვის ურთულეს დროს. გეხუტებით ყველას, გისურვებთ სიმტკიცეს. პირადად მე, ყურადღებით და ღელვით დავაკვირდები 5 ივლისის მოვლენებს. როგორც ამბობენ, ღამის სიბნელე განთიადის წინ მატულობს და სულ ცოტა დარჩა გათენებამდე.

წინა

ვწუხვარ, რომ ნამახვანის გმირებისათვის სხვისი ხმის ამოღება პოლიტიკური პროვოკაციაა – რუსუდან გოცირიძე

შემდეგი

ყოველი ადამიანი თანასწორია, განურჩევლად სექსუალური ორიენტაციისა!

ბოლო სიახლეები

კვლევის თანახმად ორსული ქვიარ ქალები უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები

FacebookTweetLinkedInEmail 5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი

დააკავეს კაცი, რომელმაც 200-მდე ქალს 5000-მდე ფოტო და ვიდეო მოტყუებით და ფარულად გადაუღო

FacebookTweetLinkedInEmail სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე 43

ამარი – ტრანსგენდერი მომღერალი ძლიერი ხმით და საინტერესო ისტორიით

FacebookTweetLinkedInEmail ამარი American Idol-ის მონაწილეა, რომელმაც უამრავი მსმენელი მოხიბლა მსოფლიოს მასშტაბით. 28 წლის მომღერალი წარმოშობით ამერიკელია,

წიგნის “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” პრეზენტაცია ჩაიშალა

FacebookTweetLinkedInEmail 6 მარტს დაგეგმილი წიგნის პრეზენტაცია “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში”  ჩაიშალა. კრებული ქართველი მხატვრების